საბანკო პროდუქტებზე დაწესებული რეგულაციებით აკრძალულია უცხოურ ვალუტაში 200 000 ლარზე ნაკლები მოცულობის სესხების გაცემა. ასევე შეზღუდულია დასაბუთებული შემოსავალის გარეშე დაკრედიტება (სესხებისა და კრედიტების გაცემა). ამასთანავე დასწედა სესხის მომსახურების კოეფიციენტების ლიმიტები და სესხის ვადები – 1500 ლარამდე წმინდა შემოსავლის დროს სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური ლიმიტად დადგინდა 25%, 1500 ლარზე მეტი წმინდა შემოსავლის დროს სესხის მომსახურების ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი 50% გახდა, სამომხმარებლო სესხის მაქსიმალურ ვადად 3 წელი, ხოლო (უცხოურ ვალუტაში) იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადა 10 წელი განისაზღვრა.
შედეგად მცირე ბიზნესისა და დაბალშემოსავლიანი ფიზიკური პირების დაკრედიტების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხი მაღალ საპროცენტო განაკვეთს და სასესხო შეთანხმების არასტაბილურ პირობებს (ცვლადი საპროცენტო განაკვეთი, მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე) გულისხმობს. მთელ რიგ შემთხვევებში შეუძლებელია სესხის გამცემმა შესთავაზოს მომხმარებელს საკრედიტო რესურსი მისთვის სასურველ სხვადასხვა ვალუტაში. ხელს უშლის არასტაბილური/არარეგულარული ფინანსური შემოსავლის მქონე/მიმღებ პირებს ჰქონდეთ წვდომა საკრედიტო რესურსებზე. გაძვირებული და გართულებულია ფინანსური ტრანზაქციები, რაც დამატებითი წნეხია მომხმარებლისთვისაც და ფინანსური ინსტიტუტისთვისაც.
ფულად-საკრედიტო ბაზარი სახელმწიფო რეგულატორული წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს და ამ გზით ფინანსურ ბაზარზე მოქმედ მეწარმეებსა და მათი სერვისების/პროდუქტების მომხმარებლებს ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების თავისუფალი განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ამასთან ერთად, სახელმწიფოს ან/და მარეგულირებელი სტრუქტურების მიერ სამომავლოდ მიღებული რეგულაციებისგან დამცავი მექანიზმი უნდა შეიქმნას. ასევე აუცილებელია საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებზე, როგორც ლარში ისე უცხოურ ვალუტაში, საპროცენტო განაკვეთსა და სხვა პარამეტრებზე (ვადა, მოცულობა, უზრუნველყოფის ტიპი და სხვ.) შეზღუდვების მოხსნა. საფინანსო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ ავტონომიურობის გარანტია და ისინი დაცულები უნდა იყვნენ სამომავლო პოლიტიკური თუ საგადასახადო წნეხისგან.
დამატებით, აუცილებელია საკრედიტო ტრანზაქციებში ვალუტის არჩევის თავისუფლების უზრუნველყოფაც. ამისათვის უნდა გაუქმდეს: უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების 200 000 ლარიანი ქვედა ზღვარი; დასაბუთებული შემოსავლის გარეშე სესხის გაცემაზე შეზღუდვა – საფინანსო ინსტიტუტმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დააკრედიტების კრიტერიუმების თაობაზე და სებ-ის მიერ დაწესებული რეგულაციები სესხის მომსახურების კოეფიციენტზე და სესხის ვადის ზედა ზღვარზე და თავად საფინანსო ინსტიტუტმა განსაზღვროს მომხმარებლის და რისკების შესწავლის შემდეგ.
ლარში მოზიდულ რესურსზე სარეზერვო მოთხოვნა 5%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში 10%დან 25%-მდე, რაც დამოკიდებულია ცალკეული საფინანსო ინსტიტუტის დეპოზიტების დოლარიზაციის ხარისხზე. მსგავსი პოლიტიკა დოლარში სესხების გაცემის მომგებიანობას ამცირებს, ამიტომ საპასუხოდ ბანკი ან საერთოდ არ გასცემს ასეთ სესხს, ან გასცემს, თუმცა მაღალ პროცენტში. პარალელურად, ბანკებს დოლარის დეპოზიტების საჭიროებაც უმცირდებათ.
აუცილებელია ლარსა და უცხოურ ვალუტაში განსხვავებული სარეზერვო მოთხოვნის გაუქმება. რეგულატორი, ამ შემთხვევაში სებ-ი, არ უნდა ქმნიდეს ლარიზაციის ხელოვნურ სტიმულებს.
სებ-ის პოლიტიკა აძვირებს დოლარს, რაც დამატებით ამცირებს დოლარის სესხების
მიმზიდველობას.
ბანკებისათვის, მიკროსაფინანსოებისა და ონლაინ გამსესხებლებისათვის სესხებზე მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ით განისაზღვრა, რამაც ონლაინ სესხების ბიზნეს მოდელიფაქტობრივად ჩამოშალა.
ფინანსური ინსტიტუტი თავისუფალი უნდა იყოს საბანკო კრედიტის გაცემის ფორმისა და პირობების განსაზღვრაში. აღნიშნული ჩანაწერი გათვალისწინებულ იქნას ფინანსური თავისუფლების დებულებაში.
OECD-ის წევრ ქვეყნებში ლიცენზიის მქონე ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტს უფლება უნდა მიეცეთ უფლება გამარტივებული წესით შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე (ელექტრონული აპლიკაციის/განაცხადის ფორმის საფუძველზე). რა თქმა უნდა, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესება მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტების ლიცენზირების პროცედურების გამარტივების შედეგად არ მიიღწევა. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია: დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა და ლიბერალური ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების გატარება.