Rotating Banner
FedsApp BETA 1
ვებ-საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვა 2024 წლის არჩევნების ერთი წლის თავზე გამართულ აქციაზე

ფედერალისტების ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვა 26 ოქტომბერს, უწყვეტი პროტესტის 333-ე და 2024 წლის არჩევნების ერთი წლის თავზე რუსთაველზე გამართულ აქციაზე: 

“ყველა ცოცხალ ქართველს გვერგო პატივი და პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ აღთქმულ მიწამდე, დასავლურ, ქრისტიანულ ცივილიზაციამდე. იქ სადაც ჩვენი სახლია. აქ შეკრებილებს განსაკუთრებულად გაქვთ ამ პასუხიმგებლობის შეგრძნება და სწორედ ამიტომ მიგიჩნევთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებად, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ციხეშია. მივესალმები მათ და მინდა ვთხოვო, რომ ჰქონდეთ ჩვენი იმედი, ჰქონდეთ პროტესტის იმედი. 

“ნუ შეურაცხყოფთ სახლსა ჩვენსა და ნუ მიატოვებთ სიყვარულს ბერძენთასა” – ეს სიტყვები ვახტანგ გორგასლის ანდერძიდანაა, მე მჯერა, რომ ეს ანდერძია ამ პროტესტის ძრავიც, ეს ანდერძი განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და რეჟიმს ვუპირისპირდებით სწორედ იმიტომ, რომ ის შეურაცხყოფს ქართველობას, დასავლეთს გვიცხადებს მტრად და ვახტანგ გორგასალს სულში აფურთხებს.

მე მჯერა, რომ სწორედ ეს სულისკვეთება იქნება ის, რაც რეჟიმს თრგუნავს, მე მჯერა, რომ სწორედ ამ სულისკვეთებამ გააჩინა ის ბზარები, რის გამოც დღეს რეჟიმის ყურმოჭრილ მონას უფრო ეშინია რეჟიმის შურისძიების, ვიდრე ჩვენ, საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც სინდისი არ გავყიდეთ და სამშობლოს ვიცავთ, იმ დრაკონული ზომების მიუხედავად, რომელსაც მთავრობა უძალობისგან იღებს.

ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ყველას, ვინც ამ პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, რომ დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე და გაგვაგებინოთ ვინ ხართ, იმისთვის რომ უკუკავშირი შევძლოთ, უკეთ ვორგანიზდეთ, უკეთ დავიცვათ ერთმანეთი, არ დავაჭერინოთ რეჟიმს არავინ, იმისთვის რომ პროტესტი რეჟიმს უფრო ძვირი დავუსვათ, ვიდრე ჩვენ და გავიტანოთ გოლი.

მე მჯერა ამის, ინდივიდუალურად როგორც არ უნდა გვაღიზიანებდეს თითოეული ჩვენგანი, არსებობს კოლექტიური სიბრძნე. არსებობს ვაჟა, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია. მას შეიძლება არ ესმოდეს, მაგრამ გრძნობს რას კარგავს – სწორედ ეს გრძნობა აგრძნობინებს ამ პროტესტს აქამდე. 

მოკლედ, ჩვენ თუ ერთად ვიდგებით ფასეულობების და არა პიროვნებების გარშემო, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე. აუცილებლად გადადგება ივანიშვილის რეჟიმი. აუცილებლად წავა ივანიშვილი და დაინიშნება თავისუფალი არჩევნები. ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალას, რომელსაც შემდეგ მიანიჭებთ იმ პარტიებს, რომლებიც თქვენს ინტერესებს დაიცავენ და არა ერთი კაცის ინტერესებს, როგორც აქამდე ხდებოდა. 

თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს!

თქვენ გაგიმარჯოთ! ” 

სხვა სიახლეები