Rotating Banner
FedsApp BETA 1
ვებ-საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოპოზიციის ალიანსი

1. სტრატეგიული მიზანი: ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენა

ჩვენი, ოპოზიციის ალიანსის მიზანია ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების ავტოკრატიული, კრიმინალური რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი და საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენა, დასავლეთისგან იზოლაციის დასრულების და დემოკრატიული მმართველობის დამყარების გზით.

ჩვენ, საქართველოს ეროვნული, დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვაცნობიერებთ, რომ:

  • ეს არის სასიცოცხლო ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის და ჩვენი ისტორიული ადგილის დასამკვიდრებლად ცივილიზებულ სამყაროში, და არა ბრძოლა უბრალოდ ცუდი ხელისუფლების გამოსაცვლელად, რადგან ახლა წყდება, სად დაეშვება ახალი “რკინის ფარდა”; ახლა წყდება, “ფარდის” რომელ მხარეს იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები;
  • რეჟიმის ცვლილების გარეშე, დავკარგავთ ეროვნულ დამოუკიდებლობას, გაღრმავდება რუსული ქაოსი, უსამართლობა, განუკითხაობა, კორუფცია, სიღატაკე, უსაფრთხოების რისკები;
  • ამ ბრძოლის მოგებას სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენი, ეროვნული, დემოკრატიული ძალების კოორდინაცია, რადგან მხოლოდ ასე მივაღწევთ ქართული საზოგადოების ერთობას სტრატეგიული მიზნის გარშემო, რაც ქართული სახელმწიფოს გადარჩენაა.
2. სტრატეგიული პრინციპი: რეჟიმის ცვლილება კრიტიკული უმრავლესობის სასიცოცხლო ინტერესია

ავტოკრატიული რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა რეჟიმის ცვლილებაში საკუთარ სასიცოცხლო ინტერესს დაინახავს; ირწმუნებს, რომ არსებული სისტემა საფრთხეს უქმნის მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და ღირსეულ მომავალს და რომ რეჟიმის შენარჩუნება ნიშნავს გარდაუვალ სიღარიბეს, კორუფციასა და უსამართლობას.

ავტოკრატიული რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა დაინახავს, რომ არსებობს ძლიერი, პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ალტერნატივა, რომელსაც შესწევს ძალა, რომ მშვიდობიანი და ძლიერი საპროტესტო ენერგია, აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებად გარდაქმნას და ქართული დემოკრატია და საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი გადაარჩინოს.

ავტოკრატიული რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა ირწმუნებს, რომ მშვიდობიან სახალხო პროტესტს ალტერნატივა არ გააჩნია და წინააღმდეგობაში ჩაერთვება.

3. ოპოზიციის ალიანსის სტრატეგიული მისია

ჩვენი, ეროვნული, დემოკრატიული ოპოზიციის მთავარი მისიაა, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას ცვლილებაში საკუთარი სასიცოცხლო ინტერესი დავანახოთ და დავარწმუნოთ, რომ მოქმედება აუცილებელია.

ამ ვალდებულებას ვერ შევასრულებთ მოქალაქეების იმედგაცრუებით, სასურველის რეალობად გასაღებით, წინააღმდეგობის ხელოვნურად დასახული ბოლო თარიღების გამოცხადებით, პოლიტიკური ელიტის კულუარული მოლაპარაკებებით ან რეჟიმის მანევრებში მონაწილეობით.

იმისთვის, რომ ეს ვალდებულება პირნათლად შევასრულოთ და საქართველოს მოქალაქეთა უდიდესმა უმრავლესობამ რეჟიმის ცვლილებაში საკუთარი სასიცოცხლო ინტერესი დაინახოს, ჩვენ ურთიერთშეთანხმებული მუშაობით:

  • ვამხელთ ივანიშვილის რეპრესიულ და კორუფციულ მანქანას იმისთვის, რომ მეტი და მეტი მოქალაქე ჩავრთოთ მშვიდობიან წინააღმდეგობაში;
  • დავუპირისპირდებით რეჟიმის პროპაგანდას საზოგადოების დარწმუნებით, რომ სწორედ ივანიშვილის რეჟიმია მშვიდობისთვის საფრთხე, რადგან საქართველოს ტოვებს  მარტოს რუსეთის პირისპირ, საერთაშორისო იზოლაციაში, პარტნიორების და მეგობრების გარეშე;
  • ინტენსიურად ვისაუბრებთ როგორც რეჟიმის ცვლილების ერთობლივ სტრატეგიაზე, ისე რეჟიმის ცვლილების შემდგომ მყისიერად გადასადგმელ შეთანხმებულ ნაბიჯებზე.

ამისთვის, ცხადს გავხდით, რომ ჩვენი ბრძოლა არ არის ბრძოლა უბრალოდ მმართველ ძალასა და ოპოზიციას, მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის. ეს არის ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას, ვასალობასა და დამოუკიდებლობას, კორუფციულ ოლიგარქიასა და დემოკრატიულ სახელმწიფოს, რუსულ ჩამორჩენილობასა და ევროატლანტიკურ განვითარებას, სიღარიბესა და კეთილდღეობას შორის.

ამ კონტრასტის ცხადად წარმოსაჩენად, დემოკრატიული ოპოზიცია საზოგადოებას დავარწმუნებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესებს ვემსახურებით, და არა რომელიმე ოლიგარქიული ან/და ავტოკრატიული ლიდერის ინსტინქტებს და გამოვრიცხავთ არსებული რეჟიმის ახალი ავტოკრატიული ან ოლიგარქიული სისტემით ჩანაცვლებას.

მხოლოდ ასე შევძლებთ მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობაში რწმენის გაჩენას, რომ ცვლილება მათ სასიცოცხლო ინტერესშია და თავადაც უნდა იმოქმედონ ამ ცვლილების დემოკრატიული გზით მისაღწევად.

სწორედ ამიტომაა პარტიების დემოკრატიულობა სტრატეგიული აუცილებლობა და არა მხოლოდ მორალური არჩევანი.

4. ოპოზიციის ალიანსის სტრატეგიული პრინციპი: ერთობა ერთფეროვნების გარეშე

მოცემული შეთანხმება არ გულისხმობს სრულ იდეოლოგიურ თანხვედრას, ან პარტიათა შერწყმას, ან რომელიმე პარტიის, ან ლიდერის გარშემო დაჯგუფებას, თუმცა არ გამორიცხავს, მომავალში, ხელმომწერ პარტიებს შორის საარჩევნო ერთობაზე შეთანხმებას.

მოცემული შეთანხმება გულისხმობს, რომ მონაწილე პარტიების პოზიცია ერთიანია ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით და მათი საჯარო კომუნიკაცია, ამ შეთანხმებით მიღწეული თანამშრომლობის განმტკიცებაზეა მიმართული და არა მის დისკრედიტაციაზე. 

ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ხელმომწერი პარტიები ვაცხადებთ რომ:

1.     არ ვაღიარებთ რეჟიმს და არ ვმონაწილეობთ არცერთ პროცესში, რაც რეჟიმის ლეგიტიმაციას ემსახურება, ან ეხმარება მშვიდობიანი სახალხო პროტესტის დისკრედიტაციაში. ვიბრძვით ბოლომდე და გამარჯვება წარმოგვიდგენია მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოპოვების გზით;

2.     მშვიდობიან და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის საპროტესტო პროცესს რეჟიმის დამარცხების მთავარ ინსტრუმენტად მივიჩნევთ და პრიორიტეტად ვისახავთ წინააღმდეგობის მობილიზებას, ორგანიზებას და გაფართოებას;

3.     ვმუშაობთ რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხის შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის;

4.     შევიმუშავებთ ერთიან საკომუნიკაციო სტრატეგიას;

5.     ვაწარმოებთ კამპანიას რეჟიმის ცვლილების შემდგომ გადასადგმელ აუცილებელ და მყისიერ ნაბიჯებზე.

ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დავანახოთ, რომ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტორიტარული რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივას. 

ჩვენ ერთიანი სტრატეგიით ვმოქმედებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მისაღწევად.

თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ჩამოვაყალიბებთ დემოკრატიულ, კოალიციურ ხელისუფლებას, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების რეალიზებისთვის.

ამ პროცესში ვხელმძღვანელობთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ ინიცირებული და საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებული ქართული ქარტიით, რომელიც გულისხმობს:

  • თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო წესებს – მოქალაქეები კვლავ იქცევიან ხელისუფლების ერთადერთ წყაროდ;
  • მართლმსაჯულების რეფორმას – თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება საზოგადოებრივი მშვიდობა;
  • სიტყვის თავისუფლების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი (რუსული) კანონების გაუქმებას – დემოკრატია ინფორმირებულ მოქალაქეზე და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე დგას;
  • უსაფრთხოების სისტემის რეფორმას – სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა მოქალაქეების უსაფრთხოების სამსახურში უნდა ჩადგეს; 
  • ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას – უსაფრთხოებას და ნამდვილ მშვიდობას ვერ მივაღწევთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გარეშე.

6.     ვემიჯნებით ნებისმიერ კამპანიას, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს, საკონსტიტუციო წესრიგს და სამოქალაქო მშვიდობას უქმნის საფრთხეს.

7.     ვთანხმდებით ხელმომწერი პარტიების ქცევის კოდექსზე.

ამავდროულად, პოლიტიკური პარტიები ვიღებთ ვალდებულებას, რომ ერთმანეთთან და ერთმანეთის გარეშეც, ვიმსჯელოთ და გავცვალოთ პარტიული ხედვები საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველა მნიშნელოვან საკითხზე, იქნება ეს განათლება, ფასები, უმუშევრობა, ჯანდაცვა, თვითმმართველობა, კულტურის პოლიტიკა, თუ სხვა.

ოპოზიციის ალიანსის ქცევის კოდექსი

მიზანი

ეს კოდექსი ეყრდნობა ეროვნული და დემოკრატიული პარტიების ერთობლივ დეკლარაციას და ამ დეკლარაციის პრინციპების მიხედვით, ადგენს ქცევის მინიმალურ სტანდარტებს კოდექსზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთობლივი მუშაობისთვის საერთო მიზნების მისაღწევად.

კოდექსის მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიული პარტიების სტრატეგიულ ერთიანობას და ამისთვის, შექმნას/დაადგინოს ქცევის ისეთი წესები, რაც გამორიცხავს ურთიერთთავდასხმებს, გადაწყვეტილების მიღების არადემოკრატიულ წესს ან ავტოკრატიულ და ოლიგარქიულ მიდგომებს, ჩრდილოვან გავლენას და სხვა სახის ანტიდემოკრატიული მოქმედებების საფრთხეს.

1. პოლიტიკურ პარტიებს შორის თანმშრომლობის პრინციპები

1.1 თანამშრომლობა გულისხმობს ხელმძღვანელობას საერთო წესებით, საერთო მიზნისთვის და არა განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების სრულ თანხვედრას შეხედულებებში;

1.2. არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად;

1.3. ყველა ხელმომწერი პარტია ვალდებულია თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

2. თანასწორობა და ურთიერთაღიარება

2.1.  ყველა ხელმომწერი პარტია აღიარებს ერთმანეთს ლეგიტიმურ, თანასწორ აქტორად;

2.2. რუსული, ოლიგარქიული რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებამდე ქცევის კოდექსის დარღვევად ჩაითვლება ამ კოდექსის ხელმომწერი პოლიტიკური პარტიის საჯარო დელეგიტიმაცია რეჟიმთან და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებით, ერთმანეთის ცილისწამება, ასევე ნებისმიერი თავდასხმა და დისკრედიტაცია;

2.3. კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებზე იდეოლოგიური და ტაქტიკური განსხვავებების ხაზგასმა და ამ საკითხებზე ორიენტირებული კამათი არ განიხილება ამ კოდექსით განსაზღვრული წესების დარღვევად.

3. პოლიტიკური პასუხისმგებლობის სტანდარტი

3.1. ხელმომწერი პარტიები, რომელთა ლიდერებიც პოლიტიკურ პატიმრობაში ან დევნილობაში არიან, იღებენ პასუხისმგებლობას, დანიშნონ წარმომადგენელი, რომელიც დემოკრატიული ოპოზიციის ერთობაში პარტიის და მისი ლიდერის სახელით საუბრობს და რომლის გადაწყვეტილებები განიხილება პარტიის და მისი ლიდერის გადაწყვეტილებებად;

3.2. ხელმომწერი პარტიის წევრების ან/და ამ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული საზოგადოებრივი ფიგურებისა და ჯგუფების მხრიდან თავდასხმა დემოკრატიული პარტიების საერთო გადაწყვეტილებებზე ხელმომწერ პარტიას ავალდებულებს, რომ საჯაროდ განმარტოს და დაიცვას ხელმომწერი პარტიის საერთო ოპოზიციურ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილება.

4. საპროტესტო პროცესზე პასუხისმგებლობის სტანდარტი

4.1. ხელმომწერი პარტიები ვალდებულებას იღებენ, არ გადადგან ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს ან შედეგად გამოიწვევს მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას;

4.2 ხელმომწერი პარტიები თანამშრომლობენ აქტიურ სამოქალაქო ჯგუფებთან პროტესტის ამოცანების მისაღწევად.

5. სამართლიანი კონკურენცია

ხელმომწერი პარტიები აღიარებენ სამართლიანი კონკურენციის აუცილებლობას საჯარო სივრცეში.

6. კოდექსთან შესაბამისობა

დემოკრატიული პარტიების ერთობლივი დეკლარაციის და ამ კოდექსის დაცვა არის წინაპირობა  ერთობაში მონაწილეობისთვის.