ამ სტატიას ვწერ არა იმისთვის, რომ მოგვიანებით მართლები აღმოვჩნდეთ, არამედ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ.
ივანიშვილმა ახირება შეისრულა და მისი მარიონეტების თეატრის ყველაზე ანტიდასავლური ფრთის გამორჩეულად უმეცარი და აგრესიული სპიკერი, მიხეილ ყაველაშვილი, პრეზიდენტად დანიშნა, რადგან ჩათვალა, რომ მას ეს შეუძლია.
ზუსტად ისე, როგორც აპრილში რუსული კანონი დააბრუნა, რადგანაც ჩათვალა, რომ მას ეს შეუძლია.
ზუსტად ისე, როგორც ნოემბერში ევროპაში ინტეგრაცია შეაჩერა, რადგანაც ჩათვალა, რომ მას ეს შეუძლია.
ზუსტად ისე, როგორც წლების წინ, ასწლოვან ტიტებს თხრიდა და შავი ზღვის გავლით, თავის ბაღჩაში ეზიდებოდა, რადგანაც თვლიდა, რომ მას ეს შეუძლია.
მართლაც, ეს მას შეეძლო. ჯერჯერობით, კიდევ შეუძლია და იმისათვის, რომ მუდამ შეძლოს, საქართველოში ტირანიას აფორმებს.
იმავე საღამოს, დედაქალაქის მერს ნაძვის ხე უნდა გაენათებინა.
იქ, სადაც ორ კვირაზე მეტია, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის კურსის ცვლილებას აპროტესტებენ;
იქ, სადაც მათ არბევენ, წამლავენ, სცემენ, იჭერენ, იტაცებენ, ძარცვავენ და აწამებებენ;
კახი კალაძე ბავშვების ფარად აფარებას და საახალწლო ნაძვის ხის ანთებას გეგმავდა, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა და ჩვეულებრივი ახალი წელი დგება – რადგან, ისიც თვლიდა, რომ შეუძლია.
მაგრამ ვერ შეძლო.
ეკლესიაც გამოიყენა, ბავშვებითაც ისპეკულირა, ჭორებიც ავრცელა მოსალოდნელ პროვოკაციებზე და მსხვერპლზე შიშის დასათესად, მაგრამ თბილისის მერს, 14 დეკემბრის საღამოს არ ეყო ძალა, საკუთარი ნება აღესრულებინა და პროტესტს დანებდა.
ამ სტატიაში ვისაუბრებ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ივანიშვილს აღარ ეყოს ძალაუფლების შენარჩუნების ძალა და დაგვნებდეს.
1. მარათონი
ყველამ, ვისაც მოგება გვინდა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყინული დაიძრა, მაგრამ გამარჯვებამდე შორია – პროტესტი იქნება ხანგრძლივი და ტერორით სავსე.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს მარათონია და არა სპრინტი. მოსაგებად დიდი ნებისყოფა და ერთმანეთის თანადგომა გვჭირდება.
ეს მხოლოდ რწმენის საკითხი არაა.
შესწავლილია ასეულობით საპროტესტო მოძრაობა გასული 100 წლის განმავლობაში და დასტურდება, რომ თუ ხალხის 3 პროცენტი 3 თვეზე მეტ ხანს ცვლილებას ითხოვს, ამ ცვლილების ალბათობა ძალიან მაღალი ხდება, რადგანაც ისტებლიშმენტის რღვევა დროის ამ მონაკვეთში შეუქცევადობის წერტილს ლახავს.
ამიტომ, ჩვენ უნდა შევძლოთ და მთელი ზამთარი ქუჩაში გავატაროთ რწმენით, რომ სანამ ჩვენ ქუჩაში ვდგავართ, რეჟიმის დამჭერ ქსოვილს თვალი მისდის და ვიდგეთ იქამდე, სანამ დამჭერი ქსოვილის დაკემსვა შეუძლებელი გახდება.
მიმდინარე პროტესტის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მონაწილეები ძირითადად საკუთარი ბრაზის გამოსახატად არიან გამოსული და არა რაღაც ორგანიზებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
ბრაზს ყველა თავისებურად გამოხატავს – დიდი ნაწილი ერთმანეთთან საუბარში იცლება, ზოგი პარლამენტის ალაყაფზე აბრახუნებს, ზოგიერთი ჩაის, ყავას და ცხელ სუპს ამზადებს დემონსტრანტებისთვის, ზოგი საპროტესტო პლაკატებს აკრავს, ზოგი რუპორით დადის და გვამშვიდებს, რომ კრიმინალი ზონდერებისგან დაგვიცავს, ზოგი სახლიდან ვერ გამოდის და ცხელი ხაზის ოპერატორად მუშაობს, რომ დაშავებულების და დაკავებულების მოძიებაში დაეხმაროს ოჯახებს, სხვები მოწყენილები არიან, რომ პეტარდების მარაგები რეჟიმმა დააპატიმრა და უხმაუროდ აპროტესტებენ.
ამ ინდივიდუალური “ბრაზების” ერთობლიობაა მიმდინარე პროტესტის საწვავი.
აქციების სპონტანური ხასიათი ერთდროულად მისი უპირატესობაც არის და ნაკლიც.
პროტესტის ლიდერების არარსებობა რეპრესიებით პროტესტის ჩახშობას მნიშვნელოვნად აფერხებს, რაც კარგია – ლოგიკა მარტივია, თავს როცა ვერ ხედავ, ვერ ჭრი.
მაგრამ ზუსტად იგივე მიზეზი ართულებს პროტესტის მიზნების და იქამდე მისასვლელი გზების არტიკულაციას.
როცა მიზანი და მისი მიღწევის გზა მკაფიო არაა, პროტესტის მონაწილეებს უჭირთ თავიანთი აქტივობა შედეგს დაუკავშირონ.
ასეთ პირობებში, რისკი ისაა, რომ ბრაზმა გაიაროს და “მიზნამდე როგორ მივდივართ, გეგმა რა არის?”- აი, ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის არარსებობამ პროტესტის მოტივაციის ვარდნა გამოიწვიოს.
ამ რისკის შემსუბუქება, ერთი მხრივ, გამარჯვების სტრატეგიისა და ტაქტიკის ეფექტურ კომუნიკაციას შეუძლია, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების მოლოდინების სწორად მართვას.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მოქალაქეებმა გაიაზრონ, თუ რამხელა როლი აქვს მათ, თუნდაც ძალიან მოკრძალებულ მონაწილეობას, საბოლოო შედეგის მიღწევაში. დაინახონ საკუთარი თავი გამარჯვების ფაზლის ნაწილად და დიდ სურათში თავისი ადგილი დაიკავონ.
შევეცდები, რომ ამ სტატიით სამივე ამოცანას მოვემსახურო – გამარჯვების გზა დავსახო, ადეკვატური მოლოდინები შევქმნა და პროტესტის ყველაზე მოკრძალებულ მონაწილესაც კი, თავი გამარჯვების დიდი ფაზლის ნაწილად დავანახო.
2. ლეგიტიმურობის ეროზია
რეჟიმის წასაქცევად მისი მთავარი საყრდენის სწორად იდენტიფიცირებაა საჭირო.
აქტიური მომხრეები და ხელქვეითები რეჟიმს ძალაუფლების მოსაპოვებლად და განსახორციელებლად სჭირდება, მაგრამ მხოლოდ მათი მეშვეობით ის ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
მთავარი, რითაც რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებს, ლეგიტიმურობაა.
ლეგიტიმურობა არ ნიშნავს მოწონებას, ან მხარდაჭერას. ლეგიტიმურია ხელისუფლება, რომლის ნებაც რუტინულად სრულდება და ანგარიშგასაწევ წინააღმდეგობას არ იწვევს.
რეჟიმი რომ ჩამოიშალოს, მისი ნების აღსრულების რუტინა უნდა დაირღვეს.
ეს იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.
საქმე ისაა, რომ ევოლუციამ ჩვენ, ადამიანები, ლოიალურ და რისკ-მოშიშ არსებებად ჩამოგვაყალიბა.
ჩვენი ცხოვრება, რომელიც უამრავი ტრანზაქციისგან შედგება, ძალიან რთული სამართავი იქნებოდა, რომ არა მზა ნორმები.
ლეგიტიმურობა არის ხელისუფლების უნარი, უზრუნველყოს საზოგადოება ასეთი მზა ნორმებით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლეგიტიმურობა არის რწმენა, რომ არსებული სისტემა ოპტიმალური, მისაღები არჩევანია.
ამ რწმენის ჩამოშლა, მათ შორის ადამიანის სტატუს კვოსადმი ბუნებრივი მიკერძოების გამო იოლი არაა, მაგრამ არც შენარჩუნებაა გარანტირებული.
ლეგიტიმაცია ყოველდღიური პლებისციტის შედეგია. ამ პლებისციტის მოსაგებად სოციალური მექანიზმის შიგნით უამრავი უხილავი და პაწაწინა ჭანჭიკის, კბილანის, ლილვის რიტმული მოძრაობაა საჭირო. ამ რიტმის რღვევა ლეგიტიმურობის ეროზიას იწვევს. როცა ეს ხდება, რეჟიმის უკუთვლის წამზომი ირთვება. ასეთ დროს, მისი ჩამოშლა არა თუს, არამედ როდის საკითხი ხდება.
სწორედ ლეგიტიმურობის ეროზიის მაგალითი ვიხილეთ 14 დეკემბერს, როდესაც რეჟიმმა მოქალაქეების უმოწყალო დარბევების სერიის შედეგად აღმართული ნაძვის ხე ვერ გაანათა, რადგან მათივე ლოიალისტებმა არ მიიღეს მათი შემოთავაზებული დღის წესრიგი – არ მოიყვანეს ბავშვები, არ გაწირეს საკუთარი შვილები უხერხული მდგომარეობისთვის.
ეს უხერხულობა რეჟიმის ლოიალისტებს საქართველოს მოქალაქეების ჯიუტმა პროტესტმა და თავგანწირვამ შეუქმნა.
დაბარებული ხელქვეითები კი არც ბავშვებად გამოდგნენ და არც ლეგიტიმაციის წყაროდ.
3. სუსტი რგოლი
რეჟიმს წინა ხაზზე ზომბირებული ხელქვეითები, აგრესიული ძალოვნები და მოძალადე ზონდერები ჰყავს გამოფენილი და შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მათი ჩამორღვევაა უპირველესი ამოცანა.
სინამდვილეში რეჟიმის ხელქვეითებთან და აქტიურ მომხრეებთან ფრონტალური ბატალიებით ამ ომის ბედი არ გადაწყდება.
ყველაფერი, რაც რეჟიმს ენერგიას აცლის და რესურსს ახარჯინებს, სასარგებლოა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენც შეზღუდული რესურსი გვაქვს და ოპტიმალურად, გამოზოგვით უნდა მოვიხმაროთ – ჯაჭვი უფრო ნაკლები ძალისხმევით გაწყდება არა ყველაზე ძლიერ, არამედ ყველაზე სუსტ რგოლებში.
რეჟიმის მარცხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მისი ძალოვანი საყრდენის განეიტრალება, არამედ ლეგიტიმურობის ეროზიაა რეჟიმის რისკ-მოშიშ ლოიალისტებში.
ამის ნიშნები უკვე ჩანს, ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომლებიც გაწბილებას არ მალავენ და პროტესტში მონაწილეობენ.
პროტესტის წარმატებისთვის, ეს პროცესი უნდა გაფართოვდეს:
ჩვენი საზოგადოების მეტად რისკ-მოშიში, სტატუს-კვოსადმი მიკერძოებული ნაწილი ჯერ უნდა გაუცხოვდეს რეჟიმისგან, ხოლო შემდეგ აქტიურად განუდგეს, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოყვება სახელისუფლო მექანიზმში და სისტემის რიგითებს მოედება, ვინც ინერციით ეგუება სტატუს კვოს და არა ენთუზიაზმით.
ამ ამოცანის მიღწევისთვის ეფექტური ნაბიჯია პროტესტის დივერსიფიკაცია. პასიურად მაყურებელმა მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ გარეთ არა უსახური ხალხის მასა, არამედ მრავალფეროვანი საზოგადოება დგას.
პროფესიების, ასაკის, საფეხბურთო გემოვნების, უბნების, ან თუნდაც ხასიათის ნიშნების მიხედვით მოწყობილი მარშები სასარგებლოა, რადგანაც პროტესტთან თვითიდენტიფიცირების საფუძველს უჩენს მათ, ვინც პროტესტს აკვირდება, მაგრამ ჯერ არ მონაწილეობს.
გარდა ამისა, მხეცური სისასტიკის პირისპირ პროტესტანტების გმირული თავგანწირვა რომელიღაცა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის, უბნის პოლიკლინიკის განყოფილების უფროსის, გამგეობის იურისტის, ტენდერში გამარჯვებული ფირმის მენეჯერის გონებაში ეჭვებს აძლიერებს, რომ არასწორ მხარეს დგას, რეჟიმისგან აუცხოებს და განდგომას უფრო იოლს ხდის.
მოკლედ, რეჟიმისათვის საყრდენის გამოცლა ნიშნავს, პირველ რიგში, რბილი ქსოვილების მოცილებას, ძალოვანი საყრდენი ამ რიგში ბოლო იქნება, რადგან, ტალეირანი როგორც ამბობდა, “ხიშტზე” ისედაც ვერ დაჯდები.
4. ჰეჯირება (გადაზღვევა)
როცა რეჟიმი სტაბილურია, რისკ-მოშიში ამომრჩეველი სტატუს-კვოში დარჩენისკენ მიდრეკილია, მაგრამ თუ სტატუს კვოს წყალი შეუდგება, იმავე რისკ-მოშიშობიდან გამომდინარე, რეჟიმის ლოიალისტიც კი ჰეჯირებას (გადაზღვევას) მიმართავს. პოტენციური დანაკარგებისაგან თავს დაზღვევის მიზნით, ის მისი პოლიტიკური პორტფელის დივერსიფიკაციას იწყებს.
მეორე მსოფლიო ომში მარცხის ალბათობის ზრდასთან ერთად, ნაცისტს შეიძლება ებრაელი გადაერჩინა, ან სულაც ჰიტლერის დამხობა ეცადა.
კომუნიზმის კრახის მოახლოებასთან ერთად, საბჭოთა ფუნქციონერი შეიძლება დისიდენტს დახმარებოდა, ან სულაც ანტი-კომუნისტურ მოძრაობას თავადაც შეერთებოდა.
საბჭოთა პერიოდში საქართველო პერ-კაპიტა კომპარტიის წევრების მიხედვით მოკავშირე რესპუბლიკებს შორის პირველ სამეულში შედიოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ამ ხალხის დიდი ნაწილისთვის, ეროვნული მოძრაობაში გადაენაცვლათ, ხოლო შემდეგ, თითქმის ყველა ხელისუფლებასთან გამოენახათ საერთო ენა.
საგულისხმოა, რომ უკლებლივ ყველა წინა ხელისუფლების აღსასრულში მათივე ხელისუფლების შემადგენელმა ნაწილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ეს ხალხი დღეს ქოცების დასაყრდენს წარმოადგენს. რამდენად მყარია ეს საყრდენი და სადამდე გასტანს მისი მხარდაჭერა, ამას ქოცებთან ერთად დავინახავთ.
ლოიალისტის თვითგადარჩენის მექანიზმის საიდუმლო შინაგანი ანემომეტრია. რაც უფრო დიდი ხანი გასტანს მასობრივი პროტესტი, მით უფრო მყიფე გახდება სტატუს-კვოსადმი ლოიალურობა.
5. კალკულაციის შეცვლა
თითოეული მოქალაქე ინდივიდუალური გამოცდილებიდან, ღირებულებებიდან, ინტერესებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, სტატუს-კვოში დარჩეს თუ ცვლილებებს მიემხროს. ამ დროს მოქალაქე (შეიძლება უნებურადაც) არსებული ვარიანტების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს აკეთებს.
პროტესტის ამოცანაა ისეთი გარემოებები შეიქმნას, რომ კალკულაციისას ცვლილებები სარგებლიანად ჩათვალონ არა მხოლოდ პროტესტის მონაწილეებმა, არამედ სტატუს-კვო ლოიალისტებმაც.
ამისათვის საჭიროა, რომ სტატუს-კვო ლოიალისტებმა საკუთარი ინტერესები დაინახონ ცვლილებების პროცესში, რასაც პოლიტიკური დისკუსიის რადიკალური გაფართოება და პოლიტიკურ ძალებს შორის თავისუფალი კონკურენციის რეჟიმი სჭირდება.
აქ გადამწყვეტი როლი ეკისრება ოპოზიციურ ტელემედიას.
პროტესტის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ტელემედია მაინც ასახავდეს იმ რეალობას, რაც გვაქვს და არა იმას, რაც მათ დონორს უნდა.
სამწუხაროდ, ამ მხრივ საქმე ჯერ ძალიან შავად გვაქვს:
პროტესტში მონაწილეობს ასიათასობით მოქალაქე.
ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს ჰყავს სტატუს-კვოსადმი ლოიალისტი მშობლები, ბებიები, ბაბუები, დები, ძმები.
ეს მოქალაქეები საკუთარი ნებით, ევროპული მომავლისთვის დგანან პროტესტზე, რომელიც მთლიანად თვითორგანიზებულია და არანაირი შეხება პარტიებთან არ გააჩნია – პარტიებს რომ ასეთი პროტესტის ორგანიზება შეგვეძლოს, 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე ასეთ სასოწარკვეთილ უძალობას არ გამოვასხივებდით.
ყველასთვის, მათ შორის ოპონენტებისთვისაც აშკარა ფაქტია, რომ მასობრივი პროტესტი რეჟიმის გადაწყვეტილებამ გამოიწვია და არა ოპოზიციის მოწოდებებმა – ეს ჩვენ ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აისახოს ოპოზიციური ტელემედიის დღის წესრიგშიც, რადგან პროტესტანტი მოქალაქეების სტატუს-კვო ლოიალისტი ოჯახები ტელევიზორს უყურებენ, ტელევიზორში პროტესტის ლიდერებად ისინი ჩანან, ვინც ამ ტელევიზიებს ფულს უხდის და არა რეალური სურათი.
ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი ვირტუალური რეალობა, რეჟიმის პროპაგანდასთან ერთად, პროტესტის მონაწილეებს სტატუს-კვო ლოიალისტების მიმხრობას ურთულებს, აბრაზებს და ფრუსტრაციაში აგდებს – ამას ვისმენთ ყველა, ვინც საღამოს აქციაზე გავდივართ და პროტესტის მონაწილეებს ვესაუბრებით.
ბუნებრივია, რეჟიმის უმთავრესი ამოცანა ლოიალისტების განდგომის პროცესისთვის ხელის შეშლაა მოქალაქეების ქცევაზე ზემოქმედების გზით.
ამდენად, სანამ ოპოზიციური არხები ვირტუალურ რეალობას ქმნიან და თავიანთი დონორების მარიონეტებს წარმოაჩენენ პროტესტის ლიდერებად – ისინი სამთავრობო პროპაგანდას ეხმარებიან სტატუს-კვო ლოიალისტების შეკავებაში.
მაგრამ როგორც არ უნდა ეხმარებოდეს რეჟიმს ოპოზიციური ტელემედია, კრიზისის დროს მას მაინც გაცილებით ძვირი უჯდება ლოიალისტების შენარჩუნება.
სწორედ ლოიალისტების შესანარჩუნებლად გვარბევს, გვიჭერს, ჭორებს გვივრცელებს და შიშს თესავს, რომ პროტესტი დაქსაქსოს და მოწინააღმდეგის დასუსტებით საკუთარ სისტემაში რღვევა შეაჩეროს.
მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ზემოქმედებისთვის ბევრი შესაძლებლობა არ გვრჩება, მაგრამ გარკვეული ინსტრუმენტები მაინც არის ჩვენს ხელთ.
სოციალური პრესი შეიძლება არ ადარდებდეს ქოცების დიდკაცობას, მაგრამ ღირსების დაკარგვა სულ ერთი ვერ იქნება რიგითების ოჯახებისთვის. რეჟიმის მსახურება მათ გარკვეულ პრივილეგიებს აძლევს, მაგრამ არც იმდენს, რომ ყველაფერზე გაყვნენ.
ამიტომ რიგითები უფრო რაციონალური და ოპტიმალური სამიზნეა გადმობირებისთვის და მათ უნდა ველაპარაკოთ.
თანაც, რადიკალური პოლიტიკური ცვლილებისთვის სისტემის რიგითების აჯანყება საჭირო არაა – ბევრი სულაც არ უნდა მოვთხოვოთ.
სრულიად საკმარისია, რომ ზემდგომთა ბრძანებების არაჯეროვანი შესრულება, გაჯანჯლება, და ბოლოს იგნორირება დაიწყონ. ყველაზე მოკრძალებული, მაგრამ იმავდროულად ფასდაუდებელი წვლილი უხმაუროდ გამოთიშვა შეიძლება იყოს. უფრო გაბედული – ხმამაღლა გამიჯვნა. აქტიური შეწინააღმდეგება სამოქალაქო მარტვილობაა, რომელსაც მხოლოდ ერთეულები შეძლებენ.
6. ქათმის თამაში (chicken game) და ბლეფი
ნაკლებად სავარაუდოა, კობახიძეს, ან მით უმეტეს ივანიშვილს წაკითხული ჰქონდეთ მაკიაველის ლივიუსის შესახებ მსჯელობა, სადაც ის ამბობს, რომ ზოგჯერ შეშლილობის სიმულირება უნდა მოახდინო, მაგრამ ფაქტია, რომ ცოფიანი ფსიქოპათის როლს ორივე სტანისლავსკის სისტემით გაწვრთნილი მსახიობის დამაჯერებლობით ასრულებს.
თავის მოგიჟიანების გათვლა ისაა, რომ თუ მოწინააღმდეგემ ყველაფერზე წამსვლელად აღგიქვა, ქათამივით მოიქცევა (chicken game).
ამ გათვლით მოქმედებს ის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებთან, არამედ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციაშიც.
გარდა ქათმის თამაშისა, ივანიშვილი აგრესიულ პოკერს თამაშობს, რადგან ძალიან ცუდი კარტი უჭირავს.
ის ბლეფობს, რომ მის ძალაუფლებას თუ საფრთხე შეექმნა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უნდა ველოდოთ.
სინამდვილეში, თავადაც კარგად იცის, რომ როგორც ასადი არ დაიცვა, ისე არ დაიცავს პუტინი მას. რუსეთს აქ ისეთი მოკავშირე სჭირდება, რომლის მეშვეობითაც ქვეყანას გააკონტროლებს და ივანიშვილმა თუ ქვეყანაზე კონტროლი დაკარგა, ის ჩვენი ქვეყნის მტრისთვის უინტერესო ხდება.
ასევე, ის ბლეფობს, რომ უკან არ დაიხევს დაუნდობლობაში.
სინამდვილეში, თავადაც კარგად იცის, რომ მის დაუნდობლობას ლიმიტი აქვს.
ველური და უკონტროლო ძალადობა რეჟიმის ლოიალისტებსაც ეხება. ერთია, სტატუს-კვოში ყოფნა გაწყობდეს და მეორეა, შენი ახლობლის შვილს უმოწყალოდ სცემდნენ. ასეთ დროს, ძალადობისგან დაცულად თავს ვერავინ გრძნობს, ამიტომ საპირისპირო ეფექტი აქვს და რეჟიმს სწორედ იმ ხალხს აკარგვინებს, ვის დაშინებასაც მიზნად ისახავს.
ამასთან, ივანიშვილმა მოწინააღმდეგეებს დასაკარგი ბევრი აღარაფერი დაუტოვა. როცა საქმე განსაკუთრებით ძვირფას კატეგორიებს ეხება, ადამიანები ბევრად მეტზე მიდიან. ასე რომ არ ყოფილიყო, ქრისტიანობა პირველ სამ საუკუნეში გადაშენდებოდა. თუკი დაუნდობელი სისასტიკის მიუხედავად წინააღმდეგობის ჩახშობა ვერ ხერხდება, ძალმომრეობა რეჟიმის ძლევამოსილების ნაცვლად მისი უძლურების ნიშნად იქცევა.
რეჟიმს კარგად ესმის, რომ დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. ამიტომ, შესაძლოა, ძალადობას მოუმატოს. ეს კანონზომიერია. როგორც ამბობენ, განთიადის წინ ყველაზე მეტად ბნელა.
7. უძალოთა ძალა
რეჟიმისგან მომდინარე საფრთხისგან დამოუკიდებლად, პროტესტში მონაწილეობა ისედაც გარკვეულ ფასთან არის დაკავშირებული – საქმე უნდა გადადო, დრო გამონახო და მიუძღვნა.
ნაწილობრივ ამიტომაც არის, რომ საპროტესტო განწყობა ბევრად მეტს აქვს, ვიდრე მომიტინგეთა რაოდენობაა.
რაც მეტი ადამიანი მოახდენს ინვესტირებას პროტესტში, თუნდაც მინიმალური დანახარჯის ფასად, მით მეტს გაუჩნდება მესაკუთრეობის განცდა ამ პროტესტის წარმატების მიმართ და მით უფრო მეტი იქნება შანსი, რომ ასეთი ხალხის მონაწილეობა ერთჯერადი არ იყოს. პირველ მცირე ნაბიჯებს შეიძლება უფრო დიდებიც მოყვეს.
თუ მოხერხდება პროტესტის დივერსიფიკაცია, მეტი შანსია, რომ მარათონისთვის აუცილებელი გამძლეობა შეიძინოს.
პროტესტში მონაწილეობის ფასის შესამცირებლად საჭიროა აქტივობების მრავალფეროვნების გაზრდა. ბევრი ფორმატის მქონე პროტესტის პირობებში, საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს შეეძლებათ საკუთარი გაანგარიშებიდან გამომდინარე შეარჩიონ მათთვის ოპტიმალური ვარიანტი და თავად აკონტროლონ, რაში რა დოზით ჩაერთვებიან.
პროტესტისთვის შეერთების დაბალი ფასი და მონაწილეობის ფორმის, დროისა და ადგილის მოქნილობა უფრო მეტი ენერგიისა და რესურსის მობილიზების საშუალებას იძლევა.
ისტორია გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ქვეყანაში არაძალადობრივი წინაღმდეგობის მოძრაობები ორჯერ წარმატებულია ძალადობრივზე და მათი წარმატების ფორმულა პოლიტიკურ თაი-ძის ეფუძნება. მთავარია არა ფიზიკური ძალა, არამედ სული, გონება და შინაგანი ენერგია.
ასე შეიძლება აგრესორის დამარცხება მისგანვე მომდინარე იმპულსებით. დარტყმის თავიდან არიდების ნაცვლად, მიზანი მისი მიღება და ამ ძალის თავდამსხმელისვე წინააღმდეგ გადამისამართებაა. ძალდაუტანებელი მოძრაობით თავდამსხმელის ბიძგება არახელსაყრელი პოზიციისკენ, სადაც ის წონასწორობას დაკარგავს და მოწყვლადი გახდება.
8. უკრაინული v. ბელარუსული მირაჟი
რეჟიმი მიმდინარე პროტესტს განუწყვეტლივ ადარებს მაიდანს, რითაც თავისით ახდენს იანუკოვიჩთან იდენტიფიცირებას. ხოლო ოპოზიცია მუდმივად საუბრობს ბელარუსის სცენარის განმეორების საფრთხეზე.
მოსალოდნელია თუ არა კიდევ ერთი რევოლუცია საქართველოში? ან იქნებ უკრაინულის ნაცვლად ბელარუსული სცენარი რეალიზდეს და ტირანიის კონსოლიდაციას უნდა ველოდოთ?
რეალურად, საქართველოში აგორებული საპროტესტო მოძრაობა ექსკლუზიურად ქართულია, ის ქართულ გამოცდილებას ეფუძნება და მაიდანს ჰგავს მხოლოდ იმით, რომ ივანიშვილი იანუკოვიჩივით იქცევა და ქუჩის პროცესებს პოლიტიკური ლიდერშიფი არ ჰყავს. სხვა მხრივ, ქართულ და წინა-მაიდნურ უკრაინულ საზოგადოებას სრულიად სხვადასხვა სასტარტო პოზიციები აქვთ, მათ შორის იმ რეფორმების გამო, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელდა საქართველოში და უკრაინაში იგივე ნარიჯნისფერმა რევოლუციამ ვერ მოიტანა.
ბელარუსი საქართველოსგან არ გამოვა. ბელარუსში საბჭოთა სისტემის, მათ შორის რეპრესიული აპარატის დემონტაჟი საერთოდ არ მომხდარა. თუ არ ჩავთვლით 2020-21 წლების გამოსვლებს, იქ ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტი არასდროს ყოფილა.
ბელარუსში ძალიან სუსტია არა მხოლოდ დემოკრატია, არამედ ნაციონალიზმიც. 1991 წლის რეფერენდუმზე საბჭოთა კავშირის განახლებული სახით შენარჩუნებას 84%-მა დაუჭირა მხარი.
ბელარუსისგან განსხვავებით საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ბევრად უფრო აქტიური საზოგადოებაა. 1990 წელს კომუნისტებმა არჩევნები წააგეს. შევარდნაძის პერიოდი ბევრად უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე ლუკაშენკოს მმართველობა. შემდეგ ვარდების რევოლუცია მოხდა და ქვეყანამ რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა. ამიტომაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ღიად ვერც რუსეთს უჭერს მხარს, ვერც დასავლეთს უპირისპირდება და ვერც დემოკრატიაზე იტყვის უარს. საქმით შეიძლება ამ ყველაფრის საწინააღმდეგოს აკეთებდეს, მაგრამ სტაბილური პრორუსული ტირანიის დამყარებას აქ ვერ შეძლებს.
თუ რეჟიმი ტირანიის კონსოლიდაციას ვერ მოახერხებს, მაშინ ოპოზიციის ტრიუმფს და ახალ რევოლუციას მივიღებთ?
საქმე ასე მარტივად არ არის – ოპოზიციაში ლიდერშიფის კრიზისი მძვინვარებს.
სანამ კალაძეს შეუქმნიდნენ ლეგიტიმაციის კრიზისს საკუთარი ლოიალისტები, რის გამოც ნაძვის ხის ანთება გადადო, ოპოზიციის ამომრჩეველმა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიებს შეუქმნა ლეგიტიმაციის კრიზისი.
ჩვენ მთელი ერთი თვე ვუყურებდით ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიის დელეგიტიმაციას, როდესაც ამ პარტიებმა არჩევნების გაყალბების პროტესტში საკუთარი ამომრჩევლის 1 პროცენტიც კი ვერ აიყოლიეს.
რეალურად, ის, რაც დღეს საქართველოს ქუჩებში ხდება, გაცილებით დიდს ეხება, ვიდრე ევროკავშირი და ხელისუფლების ცვლილებაა.
ეს ბრძოლა ქართული იდენტობის, ქართული ოჯახების სიძლიერის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შესახებაა.
ამ ბრძოლით პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობასთან, ჩვენს რეალურ იდენტობასთან ბმის აღდგენა მიმდინარეობს.
ეს პროცესი საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებს, ზემოდან ქვემოთ მართული პოლიტიკური სისტემის სახით, საგულდაგულოდ რეცხავს და ქვემოდან ზემოთ ამომავალი პროცესით არსებული პოლიტიკური სისტემის დელეგიტიმაციას ახდენს.
ჩვენ ახალი პოლიტიკური ელიტის დაბადების პროცესში ვმონაწილეობთ.
თუ პროტესტმა ზამთარს გაუძლო, ის გარდაუვლად გადაიზრდება დემოკრატიული ცვლილებების პროცესში და დაიბადება ახალი ქართული პოლიტიკური კლასი, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავის ბუნებრივ წიაღში, თავისუფალ და უსაფრთხო სამყაროში გაუძღვება.
ასე რომ დავდგეთ მტკიცედ და გავიმარჯვებთ სახელოვნად!
თამარ ჩერგოლეიშვილი, 2024 წელი.



