პარტია ფედერალისტების წევრი, ლიკა გახარია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას.
გახარია აღნიშნავს, რომ “რეფორმა” ემსახურება ერთ მიზანს – სფეროზე სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს.
მისივე თქმით, როცა კობახიძემ განაცხადა, რომ ეს კეთდება “იმისთვის, რომ ახალგაზრდები არ წავიდნენ ქვეყნიდან“, მან რეალურად აღიარა, რომ მიზანი იზოლაციაა და არა ხარისხის გაუმჯობესება.
“კობახიძის მიერ გუშინ გამოცხადებული განათლების რეფორმის პაკეტის ანალიზი პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, სოციალურ და განათლების პოლიტიკის ჭრილში შემდეგ სურათს აჩვენებს:
პოლიტიკურ-სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს არის ცენტრალიზაციის გაღრმავება.
ყველა ინიციატივა, იქნება ეს გრანტების ერთგვაროვნება, ფაკულტეტების კონცენტრაცია, უცხოელი სტუდენტების შეზღუდვა თუ სწავლების 11-წლიან მოდელზე დაბრუნება – ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს: სახელმწიფოს, უფრო სწორად კი აღმასრულებელი ხელისუფლების, კიდევ უფრო მკაცრ კონტროლს განათლების სფეროზე.
მართალია გრანტის ერთგვაროვნება ზღუდავს უნივერსიტეტების ფინანსურ დამოუკიდებლობას და როდესაც ყველა სტუდენტი ერთსა და იმავე დაფინანსებას იღებს, უნივერსიტეტები კარგავენ კონკურენციის მოტივაციას და იძულებულნი არიან, მთავრობის პოლიტიკას მოერგონ, რათა ფინანსურად გადარჩნენ – შედეგად, განათლების ხარისხი კიდევ უფრო ეცემა,
თუმცა, “გადასინჯვის“ იდეამ, ერთის მხრივ, შეიძლება შექმნას დიფერენცირებული დაფინანსების მოდელი, რაც უფრო სამართლიანად ასახავს პროგრამების ღირებულებას, მაგრამ მეორე მხრივ, ეს სისტემას ხდის დამოკიდებულს სახელმწიფოს პრიორიტეტებზე – უნივერსიტეტებს შეიძლება მოუხდეთ დაფინანსების მისაღებად საკუთარი პროგრამების შინაარსი მოარგონ მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს”- აღნიშნავს გახარია.




