Rotating Banner
FedsApp BETA 1
ვებ-საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზოგადი განათლების რეფორმა

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში განათლების ეროვნული კრიზისია.

ყველაზე სანდო საერთაშორისო კვლევის, PISA-ს 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველი მოსწავლეები ჩამორჩებიან როგორც ტექნიკურ საგნებში, ისე ელემენტარულ წიგნიერებასა და წაკითხული ტექსტიდან შინაარსის გამოტანაში.

კერძოდ, წაკითხულის გააზრებაში საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ანუ ბოლოდან მე-14 ადგილზეა, მათემატიკაში მე-60, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 66-ე ადგილზე.

ქართველი მოსწავლეების ჩამორჩენას მრავალი სისტემური მიზეზი აქვს: განათლების სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ სკოლებს არავითარი ავტონომია არ გააჩნიათ და მთლიანად ცენტრალურ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებულნი.

ეს დამოკიდებულება სკოლებს მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემის ნაცვლად პოლიტიკური გავლენის ცენტრებად აქცევს და სისტემას ხელისუფლების მიმართ ხდის ანგარიშვალდებულს, ნაცვლად მოსწავლეების და მათი მშობლების ინტერესებისა.

ეს განსაკუთრებით საჯარო სკოლებს ეხება, სადაც ქართველი მოსწავლეების 90%-ზე მეტს უწევს სწავლა.

იმავე PISA-ს კვლევაში ჩანს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოში ყველა გამოცდაში მნიშვნელოვნად უფრო დაბალ შედეგს აჩვენებენ, ვიდრე კერძო სკოლის მოსწავლეები.

მასწავლებელთა კვალიფიკაცია

განათლების სისტემის ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი მასწავლებელთა კვალიფიკაციაა.საჯარო სკოლების განკერძოებისას ინვესტორისთვის უნდა განისაზღვროს მინიმალური მოთხოვნები.

2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასული მასწავლებლების 80%-ზე მეტი თავისივე საგანში ჩაიჭრა.

მიუხედავად გამოცდებში დაფიქსირებული საგანგაშო შედეგისა, მათი უმრავლესობა განათლების სისტემაში რჩება.

ამის მიზეზი განათლების სისტემის პოლიტიზება გახლავთ: საჯარო სკოლების მასწავლებლებს და დირექტორატს რეჟიმი უყურებს როგორც საარჩევნო რესურსს, კოორდინატორების ერთგვარ ქსელს, რომლის გამოყენებითაც ძალაუფლებას ინარჩუნებს.

ამას ამჟღავნებს 2022 წელს საეკლესიო კრებსებთან ერთად უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი სქემები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ საჯარო სკოლებში საკადრო პოლიტიკას სუსი პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით აკონტროლებს.

2018 წლით დათარიღებულ სქემაში მოცემულია საჯარო სკოლების დირექტორთა სია, რომელთა სისტემაში დატოვების ან სისტემიდან გათავისუფლების რეკომენდაციას სუსი ქართული ოცნების მიმართ მორჩილების ნიშნით გასცემს.

მაგალითად, ერთ-ერთი სკოლის დირექტორობის კანდიდატს უსაფრთხოების სამსახური ახასიათებს, როგორც გამოცდილს, პრინციპულს, მომთხოვნს, კომპეტენტურს, კანონმორჩილს, თუმცა მისი დირექტორად არდანიშვნის რეკომენდაციას გასცემს, რადგან ის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერია.

სუსის მიერ შერჩეული დირექტორების ხელით რეჟიმი მთელ მასწავლებელთა კორპუსს აკონტროლებს და სისტემაში კომპეტენტური, თუმცა რეჟიმის მიმართ არალოიალური კადრების შედინებას აბრკოლებს.

ამის მაგალითია ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების ტრაგიკული საქმე, რომელსაც 2018 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას რეჟიმმა მის მიმართ პოლიტიკურად ლოიალური მასწავლებლების სიების მიწოდება მოსთხოვა.

უარის მიღების შემდეგ, ანონიმურ წერილზე დაყრდნობით, განათლების სამინისტრომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება და დარღვევების “აღმოჩენა” დაიწყო, რომლის დროსაც კერზაია ანევრიზმის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

ყველა ეს შემთხვევა მოწმობს, რომ საჯარო განათლების სისტემა რეჟიმისთვის საარჩევნო კონტროლის იარაღია, რასაც ქართველი მოსწავლეების განათლება ეწირება.

 

ახალი ცვლილებები

2024 წელს მიღებული ცვლილებებით, მასწავლებელთა კვალიფიკაციამ კიდევ უფრო მეტად დაკარგა მნიშვნელობა.

აქამდე საჯარო სკოლის მასწვლებლები თითო ჩატარებულ საათში იღებდნენ 31 ლარს, დანარჩენი სახელფასო დანამატები კი მასწავლებლებს კვალიფიკაციის მიხედვით ითვლებოდა: უფროს მასწავლებლებს 950 ლარიანი ნამატი ჰქონდათ, ხოლო წამყვან მასწავლებლებს 1700 ლარი.

რეჟიმის მიერ გატარებული ცვლილებების შემდეგ მასწავლებელთა ანაზღაურება თითქმის სრულად საათობრივად ითვლება (თითო ჩატარებულ საათში 100 ლარი), კვალიფიკაციის მიხედვით დადგენილი სახელფასო დანამატები კი 8-ჯერ შემცირდა – უფროსი მასწავლებლისთვის 150 ლარამდე, ხოლო წამყვანი მასწავლებლისთვის 200 ლარამდე, რაც ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ მასწავლებელთა კორპუსს კვალიფიკაციის ამაღლების სტიმულს დამატებით უსპობს.

მეტიც, მათი უკეთ გაკონტროლების მიზნით, რეჟიმმა სუსის მიერ დანიშნული დირექტორის ნებართვის გარეშე პედაგოგებს მოსწავლეების კერძოდ მომზადების უფლებაც შეუზღუდა, რაც დრამატულად ზრდის მასწავლებლების ფინანსურ დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების ნებაზე.

2025 წელს რეჟიმის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის “ამბიციური გეგმა” წარადგინა, რომელიც საჯარო სკოლების სრულად დამორჩილებას და დაჩლუნგებას ისახავს მიზნად.

12 წლიანი სწავლების ნაცვლად, რომელიც თავის დროზე დასავლურ უნივერსიტეტებში ჩაბარების გამარტივების მიზნით დაწესდა, სკოლები 11 წლიან სწავლებაზე გადავლენ, რადგან რეჟიმის თქმით, მე-12 კლასი ტყუილად ტარდება და ის ქვეყნის ბიუჯეტს “ძვირი უჯდება”.

სინამდვილეში, ამ ცვლილების შედეგად მე-12 კლასის ნაცვლად, მოსწავლეები მე-11 წელს აღარ ივლიან სკოლაში, რადგან სკოლა მათ ეროვნული გამოცდებისთვის ვერ ამზადებს, შედეგად კი საშუალო განათლების ციკლს უბრალოდ ერთი წელი მოაკლდება.

სისტემის დეცენტრალიზების ნაცვლად, წარდგენილი რეფორმა მის სრულად ცენტრალიზებას ისახავს მიზნად.

ქვეყანაში ყველა სკოლა, საჯარო იქნება თუ კერძო, ვალდებული იქნება ნებისმიერ საგანი 1 სახელმძღვანელოთი ასწავლოს, რომელსაც პირდაპირ განათლების სამინისტრო დაწერს, რაც თანაბრად გააუარესებს სასწავლო პროცესს მთელ ქვეყანაში და სწავლების პროცესს კიდევ უფრო მეტად მოუქნელს გახდის.

სასკოლო ინფრასტრუქტურა

უმწვავეს გამოწვევად რჩება სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა.

გარდა იმისა, რომ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, არსებობს გათბობის, თბილი წყლის, მოწესრიგებული ტუალეტების, ელემენტარული სასკოლო ინვენტარის პრობლემა, დამატებით ქვეყნის მასშტაბით 150 სკოლის მოსწავლეს სასკოლო შენობა საერთოდ არ აქვს.

2018 წლის მდგომარეობით, განათლების სამინისტროს ცნობით, 71 სკოლას არ ჰქონდა შენობა – 2026 წლისთვის ეს ციფრი შემცირების ნაცვლად გაორმაგდა.

ეს ნიშნავს, რომ ათასობით მოსწავლეს სახელმწიფო სკოლით ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფს, მათი უმრავლესობა კოვიდპანდემიიდან მოყოლებული ონლაინსწავლების რეჟიმში რჩება, რაც არათუ საქართველოში, არამედ საქართველოზე ტექნოლოგიურად გაცილებით უკეთ მომზადებულ ქვეყნებშიც აუარესებს განათლების ხარისხს.

ნაწილი კი სხვადასხვა საჯარო სკოლებში არის გადანაწილებული – სრული კოლაფსის თავიდან არიდების მიზნით, რეჟიმმა სკოლის გარეშე დარჩენილ მოსწავლეთა ნაწილი ორ ცვლაში გადაანაწილა, რის გამოც ზოგიერთ მშობელს ისედაც გადატვირთულ სკოლებში შვილების ორ რიგად ტარება უწევს.

განათლების დასამარების გეგმა

2025 წელს რეჟიმის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის “ამბიციური გეგმა” წარადგინა, რომელიც საჯარო სკოლების სრულად დამორჩილებას და დაჩლუნგებას ისახავს მიზნად.

12 წლიანი სწავლების ნაცვლად, რომელიც თავის დროზე დასავლურ უნივერსიტეტებში ჩაბარების გამარტივების მიზნით დაწესდა, სკოლები 11 წლიან სწავლებაზე გადავლენ, რადგან რეჟიმის თქმით, მე-12 კლასი ტყუილად ტარდება და ის ქვეყნის ბიუჯეტს “ძვირი უჯდება”.

სინამდვილეში, ამ ცვლილების შედეგად მე-12 კლასის ნაცვლად, მოსწავლეები მე-11 წელს აღარ ივლიან სკოლაში, რადგან სკოლა მათ ეროვნული გამოცდებისთვის ვერ ამზადებს, შედეგად კი საშუალო განათლების ციკლს უბრალოდ ერთი წელი მოაკლდება.

სისტემის დეცენტრალიზების ნაცვლად, წარდგენილი რეფორმა მის სრულად ცენტრალიზებას ისახავს მიზნად.

ქვეყანაში ყველა სკოლა, საჯარო იქნება თუ კერძო, ვალდებული იქნება ნებისმიერ საგანი 1 სახელმძღვანელოთი ასწავლოს, რომელსაც პირდაპირ განათლების სამინისტრო დაწერს, რაც თანაბრად გააუარესებს სასწავლო პროცესს მთელ ქვეყანაში და სწავლების პროცესს კიდევ უფრო მეტად მოუქნელს გახდის.

როგორ ვუშველით განათლებას

ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო სისტემური გზა კონკურენციის წახალისებაა.

დღეის მდგომარეობით, სკოლები ერთმანეთთან კონკურენციაში მხოლოდ განათლების სამინისტროს მორჩილებაში შედიან, მშობლისა და მოსწავლის საუკეთესო ინტერესი კი სისტემურად უგულებელყოფილია.

ამ დამოკიდებულებას მათ შორის სკოლების დაფინანსების წესი განაპირობებს. 

გადასახადის გადამხდელთა ფული სკოლების უმრავლესობამდე მიდის განათლების სამინისტროს გავლით, რაც ნიშნავს, რომ სამინისტროსა და ბიუროკრატიას სრული კონტროლი აქვთ როგორც საკადრო პოლიტიკაზე, ისე მთელ სასწავლო პროცესზე. 

იმისთვის, რომ სისტემა ამოყირავდეს, მთავრობაზე დამოკიდებულება შემცირდეს, მშობლებისა და მოსწავლეების როლი კი გაიზარდოს, სკოლების დაფინასნება, მშობლისა და მოსწავლის არჩევანზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა მთავრობისა და ბიუროკრატიის მოწყალებაზე. 

სწორედ ამის უზრუნველსაყოფად, ფედერალისტების რეფორმით, სკოლების დაფინანსების წესი უნდა გადავიდეს ვაუჩერული დაფინანსების სისტემაზე. 

ვაუჩერული სისტემის პირობებში, სახელმწიფო პირდაპირ სკოლების დაფინანსების ნაცვლად, მოსწავლეს ანიჭებს გარკვეული ღირებულების ვაუჩერს და შემდგომ თავად მოსწავლე და მისი მშობელი წყვეტენ, რომელ სკოლაში მიიტანონ ვაუჩერი – სკოლების დაფინანსება დამოკიდებული ხდება მათ მიერ მიღებული მოსწავლეების რაოდენობაზე, რაც გაზრდის სკოლებს შორის კონკურენციას და მშობლების გავლენას სასკოლო პროცესზე, უზრუნველყოფს სკოლების მეტ ფინანსურ დამოუკიდებლობას და საბოლოოდ, განათლების უკეთეს ხარისხს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში 2,100-მდე საჯარო და 220-მდე კერძო სკოლაა. 

საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ვაუჩერის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს, კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის კი 300 ლარია.

ამას გარდა, 2,086 საჯარო სკოლიდან 1,200 სკოლა არავაუჩერული წესით ფინანსდება, რაც ნიშნავს, რომ ზოგადი განათლების ბიუჯეტის 40%-ზე მეტი არავაუჩერული სისტემის სკოლებზე მოდის.

ფედერალისტების რეფორმით, სახელმწიფო დაფინანსების მთავარი ბენეფიციარი სისტემის მორჩილი კადრების ნაცვლად, პირდაპირ მოსწავლეები იქნებიან.

ყველა სკოლა ვაუჩერული წესით დაფინანსებას დაექვემდებარება, მოსწავლისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ვაუჩერის ოდენობა კი გათანაბრდება კერძო და საჯარო სკოლებისთვის და გაიზრდება 4,000 ლარამდე.

შედეგად, სკოლა დამოკიდებული და ანგარიშვალდებული გახდება მოსწავლის და მისი მშობლის მიმართ, რადგან მათ არჩევნაზე იქნება დამოკიდებული და არა ცენტრალური ხელისუფლების. 

სწავლების ხარისხი კი კონკურენციის გზით როგორც საჯარო ისე კერძო სკოლებში გაუმჯობესდება. 

სკოლების განკერძოება

2023 წლის თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, თბილისში კერძო სკოლაში სწავლის საშუალო წლიური ფასი 6,000 ლარია. პიზის კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სკოლების მოსწავლეები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ.

ამას გარდა, უკეთესი ფინანსური შესაძლებლობების მქონე მშობლების უმრავლესობას შვილი სწორედ კერძო სკოლაში მიჰყავს, განათლების უკეთესი ხარისხის მისაღებად.

ფედერალისტების მიზანია, უზრუნველყოს კერძო სკოლის სწავლების ხარისხი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. 

ამისათვის, დაფინანსების წესის ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საჯარო სკოლების ეტაპობრივად განკერძოების პროცესის დაწყება.

განკერძოება გულისხმობს სკოლების კერძო მართვაში გადასვლას და სახელმწიფოზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებას. 

სკოლების განკერძოება მოხდება შესაბამისი აქტივებითა და ვალდებულებებით – კერძო მფლობელებს მკაფიო ვალდებულებები ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული და შეზღუდული ექნებათ სასკოლო ინფრასტრუქტურის სხვა ტიპის საქმიანობისთვის გამოყენება.

განკერძოების პროცესში გამოვყოფთ შემდეგი ტიპის სკოლებს:

  • მაღალი რენტაბელობის სკოლები, რომლებიც განკერძოვდებიან აუქციონის წესით.
  • საშუალო რენტაბელობის სკოლების ნაწილი მინიმალურ ფასად გადაეცემათ საუკეთესო პროექტის ავტორებს.
  • დაბალი რენტაბელობის სკოლებში სახელმწიფო კერძო-საჯარო პარტნიორობას მიმართავს და სკოლების კერძო მართვაში გადაცემის სანაცვლოდ, ბიზნესს სხვა ტიპის ეკონომიკურ ბენეფიტებს შესთავაზებს.
  • იმ სკოლებში, რომელთა განკერძოებაც გაჭიანურდება, სრული ავტონომია მიეცემა სამეურვეო საბჭოებს.

საჯარო სკოლების განკერძოება, მათი დაფინასნების წესის ცვლილებასთან ერთად კონკურენციის ზრდის და შედეგად, განათლების ხარისხის სწრაგად გაუმჯობესების საუკეთესო გარანტი იქნება. 

ავტორიზაციის პროცესის გაუქმება

ამას გარდა, უნდა გაუქმდეს იმ ტიპის ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც კერძო და საჯარო სკოლებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

მაგალითად, დღეის მდგომარეობით, ავტორიზაციის პროცესი მხოლოდ კერძო სკოლებისთვის არის სავალდებულო, რადგან სისტემამ თავადვე იცის, რომ საჯარო სკოლების დიდი უმრავლესობა ავტორიზაციის კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს.

ფედერალისტების რეფორმით, ავტორიზაციის პროცესი გაუქმდება კერძო სკოლებისთვისაც, რათა კონკურენცია განათლებაშიც თანასწორ პირობებს დაეფუძნოს.

მასწავლებელთა კვალიფიკაცია

კვალიფიციური კადრების სიმცირესთან ერთად, ზოგადი განათლების პროცესში კომპეტენტური მასწავლებლების ჩართვას არსებული სისტემური ბარიერებიც აფერხებს.

ქართულ სკოლაში მასწავლებლად დასაქმებისთვის მოქალაქეს მოეთხოვება ერთწლიანი სასერტიფიკატო კურსის გავლა, რომელიც, როგორც მასწავლებელთა გამოცდების შედეგები აჩვენებს, ხარისხის არავითარ გარანტიას არ წარმოადგენს.

სამაგიეროდ, ის წარმოადგენს ბარიერს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მასწავლებლობა პროფესიად არ აქვთ არჩეული, თუმცა აქვთ კეთილი ნება და სათანადო კომპეტენცია, ჩაერთონ ზოგადი განათლების პროცესში და დროის ნაწილი საკუთარი კომპეტენციისა და უნარების მოსწავლეებისთვის გაზიარებას დაუთმონ.

დღეს არსებული სისტემით, მოქალაქეს, რომელიც უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, არ შეუძლია სკოლებში გაკვეთილების ჩატარება, რადგან ერთწლიანი სასერტიფიკატო კურსი არ აქვს გავლილი.

ყველა მსგავსი ბარიერი უნდა მოიხსნას და სკოლებისთვის კომეტენტური კადრების მოძიება მნიშვნელოვნად უნდა გამარტივდეს.

ონლაინსწავლების წახალისება

ამას გარდა, გამოწვევად რჩება კომპეტენტური კადრების ნაკლებობა რეგიონებში.

გეოგრაფიული მისაწვდომობის პრობლემის გადასაჭრელად, ერთ-ერთი გზა ონლაინსწავლების ხელშეწყობაა – მასწავლებელს თბილისიდან უნდა შეეძლოს ნებისმიერ რეგიონში ონლაინგაკვეთილის ჩატარება, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებით: 

ონლაინგავკეთილი უნდა ტარდებოდეს საკლასო ოთახში, ადგილზე ზედამხედველი პედაგოგის დასწრების პირობებში, რათა სასწავლო პროცესის მართვა შესაძლებელი იყოს და ონლაინგაკვეთილი სკოლის გაცდენის ფორმად არ იქცეს. 

ყველა ამ სისტემური რეფორმის შედეგად, გაჩნდება რეალური კონკურენცია სკოლებს შორის, რაც გაზრდის განათლების ხარისხს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, გამარტივდება კომპეტენტური კადრების ჩართვა ზოგადი განათლების პროცესში, სკოლებს ექნებათ რეალური ავტონომია და რაც მთავარია, შეწყდება განათლების სისტემის მხრიდან მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ მოსწავლისა და მისი მშობლის არჩევანს მიენიჭება.