სასამართლოს დამოუკიდებლობა
პრობლემა 1
სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
საქართველოში სასამართლო მრავალი ათწლეულია პოლიტიკურ ხელისუფლებას ექვემდებარება. საბჭოთა სისტემაში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებმა იძულებით 70 წლის განმავლობაში იცხოვრეს, სასამართლო უშუალოდ კომუნისტურ პარტიას ექვემდებარებოდა. ამ უმძიმესმა გამოცდილებამ მართლმსაჯულების რეპუტაცია დაასამარა, რის შედეგებსაც ქართული საზოგადოება დღემდე იმკის. ადამიანებს ნაკლებად სურთ, სასამართლოს მიმართონ და არ აქვთ იმედი, რომ მიმართვის შემთხვევაშიც, სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. მათ არ აქვთ განცდა, რომ სახელმწიფოს თვითნებობისგან ინსტიტუტები დაიცავენ.
ვარდების რევოლუციის შემდეგ სასამართლო სისტემიდან კორუფციის აღმოფხვრის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ტრადიციის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.
მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენის პრობლემამ ბოლო რამდენიმე წელია აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რის გამოც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სასამართლო კლანის 4 წარჩინებულ წევრს პერსონალური სანქციები დაუწესა.
გამოსავალი:
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსებითი გაფართოება სისხლის სამართლის ყველა და სამოქალაქო სამართლის საქმეთა ნაწილზე, უმაღლეს ინსტანციებში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა
აღწერილი პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის არსებითად გაფართოებით. განსჯადობა გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ყველა დანაშაულზე, ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავებზე, სამოქალაქო დავებზე, რომლის ღირებულებაც აღემატება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობას და ისეთ დავებზე, რომელშიც ერთ–ერთი მხარე მედია, პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, საგანმანათლებლო დაწესებულება ან რელიგიური გაერთიანებაა.
ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი არსებითად გადაჭრის სასამართლოსადმი უნდობლობის პრობლემას, რადგან მოქალაქეები თავად მიიღებენ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. მსაჯულთა შერჩევის წესის გათვალისწინებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მნიშვნელოვნად გართულდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე გავლენის მოხდენა. ადამიანებს გაუჩნდებათ სისტემის მიმართ ნდობა, რადგან მათ საქმეს განსჯიან არა ხელისუფლების მორჩილი მოსამართლეები, არამედ რიგითი მოქალაქეები.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირობებში, პოლიტიკური ხელისუფლება მორჩილ მოსამართლეთა მეშვეობით გავლენას ვეღარ მოახდენს დემოკრატიისთვის სასიცოცხლო ინსტიტუტებზე. მოქალაქეები გაიღრმავებენ ცოდნას მათი უფლებების, კანონისა და სამართლებრივი პროცესების შესახებ, რაც დაეხმარება მათ მოქალაქეობრივი უფლებებისა და მოვალეობების უკეთ გაცნობიერებაში.
დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ტრადიციის ღრმა დეფიციტის გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსებითად გაფართოების გარდა, მნიშვნელოვანია საქართველომ დაიხმაროს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ხანგრძლივი ტრადიცია და ისტორია აქვთ. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატები.
აშშ-ს უკვე საუკუნეების მანძილზე აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მოწინავე მართლმსაჯულების სისტემა. დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე შემოსავლიანი ათი იურიდიული ფირმიდან ცხრა ამერიკულია, ერთი კი ბრიტანული, ხოლო 100 იურიდიული ფირმიდან 78 ამერიკულია. ამასთან, ამერიკა მსოფლიო მასშტაბით იურიდიული განათლების მისაღებად საუკეთესო ქვეყანაა. კერძოდ, 2022 წლის მონაცემებით, სამართლის მიმათულებით მსოფლიოში ათი საუკეთესო უნივერსიტეტიდან შვიდი ამერიკულია .
დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ხანგრძლივი ისტორიისა და უმაღლესი იურიდიული განათლების მოწინავე ხარისხის გათვალისწინებით, ნორმალური სასამართლო ტრადიციის შესაქმნელად, აუცილებელია ამერიკული გამოცდილების დანერგვა საქართველოში.
ჩვენი ხედვით, სასამართლოს ზედა ინსტანციებში ამერიკელი მოსამართლეები უნდა მოვიწვიოთ, რათა მათი უშუალო ჩართულობით დავიწყებას მიეცეს მანკიერი საბჭოთა სასამართლო და საფუძველი ჩაეყაროს ცივილიზებულ, მიუკერძოებელ სასამართლოს.
კვალიფიციური ამერიკელი მოსამართლეები არ მოექცევიან პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ, მიუკერძოებლად განახორციელებენ მართლმსაჯულებას, მიიღებენ კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს. სასამართლო რეფორმის ფუნდამენტის გასამყარებლად და დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციის დასანერგად, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელ მოსამართლეებს მანდატი რამდენიმე ათწლეულით გადაეცეთ.
გარდა ამისა, ზედა ინსტანციებში სამართალწარმოებისას გამოყენებული იქნება ყველაზე ინკლუზიური ენა – ინგლისური, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სასამართლოებისა და არბიტრაჟების ოფიციალური ენაა.
პრობლემა 2
სასამართლოს გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება
საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სასამართლო სისტემის გადატვირთულობაა, რომელიც აფერხებს ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. საქმეთა გაჭიანურების ტენდენცია საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლოს დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით.
სასამართლოში საქმეთა გადატვირთულობის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი, ტექნიკურ ხარვეზებთან ერთად (იხ. პრობლემა 2.5), ადამიანური რესურსის, კერძოდ, კი სამოქალაქო სამართლის პროფილის მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა. შედეგად, კერძო პირთა შორის დავების განხილვა ჭიანურდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016-2019 წლის სტატისტიკის თანახმად, წლიდან წლამდე იმატებს განსახილველი საქმეების ნაშთი. ადამიანური რესურსის ნაკლებობის გამო მოსამართლეები ვერ ახერხებენ საანგარიშო წლის განმავლობაში შესული საქმეების სრულად განხილვას. აქედან გამომდინარე, დარჩენილი საქმეები გადადის შემდგომ წელზე და ემატება სასამართლოში შესულ საქმეთა ახალ ნაკადს. ეს ციკლი გრძელდება ყოველ წელს და მუდმივად იზრდება განსახილველი საქმეების რაოდენობა.
რაც შეეხება უშუალოდ საქალაქო და რაიონული სასამართლოების დატვირთულობას – განსახილველი საქმეების ნახევარზე მეტი თბილისის საქალაქო სასამართლოში შედის. შესაბამისად, საქმეთა რაოდენობის კუთხით ყველაზე დატვირთული ეს სასამართლოა, სადაც დღევანდელი მდგომარეობით სამოქალაქო სამართლის პროფილის 60 მოსამართლე მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა, ყველაზე დატვირთულია იმერეთის და აჭარის სასამართლოები, სადაც განსახილველი საქმეების 9-12% შედის. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში ყველაზე მეტი მოსამართლე მუშაობს, მათი რაოდენობა მაინც არ არის საკმარისი, რადგან ყოველწლიურად იზრდება ამ სასამართლოებში დაუმთავრებელ საქმეთა რიცხვი.
გამოსავალი:
პირველ ინსტანციაში სამოქალაქო სამართლის პროფილის მოსამართლეთა რაოდენობის გაორმაგება (200-მდე), სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა (140-მდე), არბიტრაჟის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების გამოყენების ხელშეწყობა.
სასამართლოს განსატვირთად, პირველ ინსტანციაში სამოქალაქო სამართლის პროფილის მიმართულებით მოსამართლეთა რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და გახდეს 200, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით კი უნდა გაიზარდოს 40-40-ით და გახდება 70-70.
სასამართლოს განტვირთვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება საარბიტრაჟო წარმოებაა. არბიტრაჟი არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელსაც კერძო სექტორი ქმნის და აქვს განხილვის საკუთარი წესები. საარბიტრაჟო ტრიბუნალი განიხილავს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ, კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს, თუმცა მას იშვიათად მიმართავენ საქართველოში, რადგან გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცესი უაღრესად პრობლემურია.
საარბიტრაჟო განხილვის წასახალისებლად, საქართველოში მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურა უნდა განახორციელონ პირველი ინსტანციის მოსამართლეებმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურა კი მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა.