წინამდებარე ხედვა ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას, თუმცა ის არ წარმოადგენს არცერთი მოდელის კოპირებას, რადგან ის სპეციფიკურად საქართველოში არსებულ კონტექსტს და ნარკოდამიკდებულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს პასუხობს.
საქართველოში არსებული ვითარება
საქართველოში განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკების მოხმარების და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ეპიდემია მძვინვარებს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 10-ჯერ აღემატება ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო ევროკავშირის ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ქვეყანას 2-ჯერ. ამასთან, საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული სიკვდილის მრავალი შემთხვევა საერთოდ არ აღირიცხება, რაც ნიშნავს, რომ ვითარება კიდევ უფრო მძიმეა.
მძიმე მემკვიდრეობასთან ერთად, ნარკოტიკების მოხმარების და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის პრობლემას ამწვავებს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ კრიმინალური სუბკულტურისა და ორგანიზებული დანაშაულის წახალისება პოლიტიკური ამოცანებისთვის. ხშირ შემთხვევაში, რეჟიმის სტრუქტურები ეჭვმიტანილები არიან კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში და როგორც მინიმუმ, არაეფექტურად ებრძვიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკების გამავრცელებლებს.
რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ მიმართ რეჟიმის პოლიტიკა წლების განმავლობაში არათანმიმდევრული და კამპანიური იყო ქართული ოცნების საარჩევნო ამოცანებიდან გამომდინარე. სამართალდამცავი ორგანოები ხშირ შემთხვევაში ანტიკონსტიტუციურ მეთოდებს იყენებენ და მომხმარებლების დევნას ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების მიხედვით ახორციელებენ.
ნარკოტიკების ინექციური მოხმარების ეპიდემიას ამწვავებს პრევენციული, ჩანაცვლებითი პროგრამების ღრმა დეფიციტი. ისედაც რთული ვითარების პირობებში, პრობლემა განსაკუთრებით გაამწვავა რეჟიმის მიერ ყველა კერძო თერაპიული დაწესებულების დახურვამ, სადაც ნარკოდამოკიდებულების მქონე პაციენტებს ეფექტური, ჰუმანური და რაც მთავარია, კონფიდენციალური სერვისის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ფედერალისტების ხედვა
ნარკოდამოკიდებულებასთან სახელმწიფოს მიდგომის მთავარ ამოცანას პრევენცია, ზიანის შემცირება, მკურნალობა და რეაბილიტაცია უნდა წარმოადგენდეს.
ფედერალისტების ნარკოპოლიტიკის ხედვა ემყარება ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებთან მიმართებით სამედიცინო ზრუნვის კომპონენტის გაძლიერებას და შემაკავებელი ეფექტის არსებობისთვის, რეპრესიული ზომების მხოლოდ მას შემდეგ გამოყენებას, რაც სახელმწიფოს ალტერნატიული ზომები უკვე გამოყენებული აქვს – იხილეთ დანართი.
მყისიერად უნდა გაუქმდეს რეჟიმის აკრძალვა კერძო ჩანაცვლებითი პროგრამების არსებობასთან დაკავშირებით – კერძო სექტორის მონაწილეობით და სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ გამართული ჩანაცვლებითი პროგრამებით სარგებლობა.
ჯამში ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებული პროგრამებისთვის სახელმწიფო 4 წელიწადში 150 მილიონ ლარს გამოყოფს.
საქართველოში ნარკოტიკების პრევალენტობაზე და სიკვდილიანობაზე დაყრდნობით, უნდა მოხდეს ნარკოტიკული ნივთიერებების ხელახალი კლასიფიკაცია – ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიებად და კანონმდებლობაში არსებული დოზების ხელახალი დადგენა, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული საკვანძო პირების მიმართ უნდა გამკაცრდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა და მისი აღსრულება.
მათგან ამოღებულ რესურსებს, მათ შორის ქონებას კი სახელმწიფო სარეაბილიტაციო პროგრამების დასაფინანსებლად მიმართავს.
ზედოზირებების პრევენციისთვის საკლუბო სივრცეებში კერძო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით უნდა დაინერგოს ტესტირებისა და ზედოზირებისგან თავდაცვის საშუალებების გამოყენების პრაქტიკა.
კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების ლეგალიზება
საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ სამედიცინო დანიშნულებით კანაფის გამოყენებას მრავალი მიმართულებით დადებითი შედეგები აქვს და გარკვეული კონდიციის პაციენტების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, უნდა მოხდეს სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება გარკვეულ ჯგუფებში საპილოტე პროგრამის სახით.
დეცენტრალიზაცია
ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის, რეაბილიტაციის, ზიანის შემცირებისა და პრევენციის პროგრამებთან დაკავშირებით პრიორიტეტების დადგენისას ყველა თვითმმართველ მხარეს ექნება ფართო ავტონომია, რაც უზრუნველყოფს ამ პროგრამების თავსებადობას ადგილზე არსებულ გამოწვევებთან და საჭიროებებთან.
ყველა რელევანტური მხარის ჩართულობით, უნდა შეიქმნას სპეციალური საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც ადგილზე არსებული გამოწვევების კვლევის საფუძველზე, შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.
განათლება
ნარკოდამოკიდებულებასთან სახელმწიფოს ეფექტური მიდგომისთვის აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე მოქალაქეების ადეკვატურად ინფორმირება.
ფედერალისტების პროგრამით, საშუალო სკოლები ვალდებული იქნებიან დანერგონ სპეციალური პროგრამები, რომელიც მოსწავლეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების საფრთხეების, დამოკიდებულების რისკის და პოტენციური ზიანის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
დანართი
ნაკლებად მძიმე ნარკოტიკის პირადი მოხმარება
თუ მოქალაქე 21 წლამდე ასაკის არის, ავტომატურად ხდება ფაქტის შესახებ ოჯახისთვის შეტყობინება.
პირველი შემთხვევისას:
გაფრთხილება და რეკომენაცია, რომ მოქალაქე უნდა მივიდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში კონსულტაციაზე/სკრინინგზე.
მეორე შემთხვევისას:
ადმინისტრაციული ჯარიმა ან ალტერნატიული სასჯელის ფორმა საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს სახით / ალტერნატიული მკურნალობის შეთავაზება.
მესამე შემთხვევისას:
გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმა და 21 წელს ზემოთ მოქალაქის შემთხვევაშიც, ოჯახისთვის შეტყობინება / ალტერნატიულ მკურნალობაში ჩართვის შეთავაზება
მეოთხე შემთხვევისას:
ადმინისტრაციული პატიმრობა ან ალტერნატიული მკურნალობა.
სარეაბილიტაციო კურსის პირობების დარღვევისთვის ან განმეორებითი კანონდარღვევისთვის:
საპატიმრო სასჯელი.
მძიმე ნარკოტიკის პირადი მოხმარება
თუ მოქალაქე 21 წლამდე ასაკის არის, ავტომატურად ხდება ფაქტის შესახებ ოჯახისთვის შეტყობინება.
პირველი შემთხვევისას:
გაფრთხილება და რეკომენაცია, რომ მოქალაქე უნდა მივიდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში კონსულტაციაზე/სკრინინგზე.
მეორე შემთხვევისას:
ადმინისტრაციული ჯარიმა ან ალტერნატიული სასჯელის ფორმა საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს სახით / ალტერნატიული მკურნალობის შეთავაზება.
მესამე შემთხვევისას:
გაზრდილი ჯარიმა და პირობითი სასჯელი ან ალტერნატიულ მკურნალობაში ჩართვა.
მეოთხე შემთხვევისას:
საპატიმრო სასჯელი ან ალტერნატიული მკურნალობაში ჩართვა – 21 წლის ზემოთ მოქალაქის შემთხვევაშიც, ოჯახისთვის შეტყობინება.
სარეაბილიტაციო კურსის პირობების დარღვევისთვის ან განმეორებითი კანონდარღვევისთვის:
საპატიმრო სასჯელი.
განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკის პირადი მოხმარება
თუ მოქალაქე 21 წლამდე ასაკის არის, ავტომატურად ხდება ფაქტის შესახებ ოჯახისთვის შეტყობინება.
პირველი შემთხვევისას:
ფულადი ჯარიმა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის ვალდებულება.
მეორე შემთხვევისას:
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა – პირობითი სასჯელი, გაზრდილი ჯარიმა და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის ვალდებულება.
მესამე შემთხვევისას:
საპატიმრო სასჯელი ან ალტერნატიულ მკურნალობაში ჩართვა – 21 წელს ზემოთ მოქალაქის შემთხვევაშიც, ხდება ოჯახისთვის შეტყობინება.
სარეაბილიტაციო კურსის პირობების დარღვევისთვის ან განმეორებითი კანონდარღვევისთვის:
საპატიმრო სასჯელი.