რელიგიური ქონების რესტიტუცია
პრობლემა 1
რელიგიურ უმცირესობებს ისტორიული სალოცავები ბოლშევიკების მიერ მათი კონფისკაციის შემდეგ საკუთრებაში არ დაბრუნებიათ.
1921 წლიდან, საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა საქართველოში რელიგიურ ჯგუფებს: მართლმადიდებელ, კათოლიკე, ლუთერულ, სომხურ სამოციქულო ეკლესიებს, იუდეურ და მუსლიმურ თემებს რელიგიური ქონების უდიდესი ნაწილი ჩამოართვა. ბოლშევიკებმა საკულტო ნაგებობების ნაწილი გაანადგურეს, ნაწილს კი დანიშნულება შეუცვალეს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შენარჩუნებული ისტორიული ქონება სრულად მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა. სხვა რელიგიური ჯგუფები კი წლებია ვერ იბრუნებენ უფლებას, გამოიყენონ თავიანთი ისტორიული საკულტო ნაგებობების უდიდესი ნაწილი. დღესდღეობით, მათი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია. ნაწილი კი, საქართველოს საპატრიარქოს მიერ არის მითვისებული.
წლების განმავლობაში, საკულტო ნაგებობებს ეცვლებათ იერსახე. ნადგურდება და ინგრევა ისტორიული ქონების ნაწილი. საქართველოს მოქალაქეებს მათ ტაძრებში წირვა-ლოცვის აღსრულების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
გამოსავალი:
ფედერალისტები რესტიტუციის პოლიტიკას გაატარებს.
საქართველოში უნდა გატარდეს რესტიტუციის პოლიტიკა. ქართველ კათოლიკეებს, მუსლიმებს, იუდეველებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წევრებს თუ ლუთერელებს უნდა დავუბრუნოთ შენარჩუნებული საკულტო ნაგებობები, რომელიც მათ ბოლშევიკებმა საქართველოს ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ წაართვა.
რესტიტუციის პოლიტიკის გატარებისთვის ჩვენ გავიზიარებთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას:
ისტორიული, რელიგიური ქონების რესტიტუციისთვის განისაზღვროს მკაფიო და ნათელი პროცედურები.
რესტიტუციის სახედ განსაზღვრული იყო როგორც ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, ისევე მისი კომპენსაციის წესით ანაზღაურება;
ქონების დაბრუნების უფლებაზე მტკიცების ტვირთი დაეკისროს განმცხადებელს. უზრუნველვყოფთ რელიგიური გაერთიანებების და მკვლევრების სრულ წვდომას საარქივო მასალებზე, რათა დაუბრკოლებლად შეძლონ მონაცემებისა და შესაბამისი დოკუმენტების შეგროვება მათი ისტორიულ ქონების შესახებ.