საპენსიო სისტემა
პრობლემა 1
მოქალაქეებისთვის და დამსაქმებლებისთვის საგადასახადო ტვირთის ზრდა, მოქალაქის აქტივების მთავრობის და ბიუროკრატიის მიერ არაეფექტურად გამოყენება ან გაფლანგვა, საპენსიო დანაზოგის განკარგვის შეზღუდვა.
არსებული სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემით მაღალია რისკი, რომ კორუფციისა და არაკომპეტენტურობის გამო მოქალაქეთა დანაზოგმა საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს და დაიკარგოს ან უკეთეს შემთხვევაში, წლების შემდეგ დაზოგილი თანხის მსყიდველობითუნარიანობა არსებითად შემცირებული იყოს.
სავალდებულო საპენსიო ფონდის რეფორმამ ძირითადად დასაქმებულთათვის შემოსავლის შემცირება გამოიწვია – დამსაქმებელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა საგადასახადო ხარჯი დასაქმებულთა ხელფასის ხარჯზე აინაზღაურა.
საგადასახადო ტვირთის ზრდამ დამსაქმებლებს შეუმცირა როგორც ახალი თანამშრომლების აყვანის, ასევე არსებული თანამშრომლებისთვის ანაზღაურების ზრდის სტიმული. რიგ შემთხვევებში, საგადასახადო ტვირთის ზრდის გამო, დამსაქმებლებს თანამშრომლების გათავისუფლებაც უწევთ.
გამოსავალი:
ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო სისტემა
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, თავად განსაზღვროს, რომელ კერძო საპენსიო ფონდში უნდა დანაზოგის გაკეთება და თავად განსაზღვროს შესატანი თანხის რაოდენობაც. მოქალაქეს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს საპენსიო სქემით დაგროვებული თანხის განკარგვა.
ფედერალისტების შემოთავაზებული რეფორმით, მოქალაქეებს, ისევე როგორც მათ დამსაქმებელს, საპენსიო დანაზოგი გამოექვითებათ საშემოსავლო გადასახადიდან. შედეგად, არც დასაქმებულის და არც დამსაქმებლის საგადასახადო ტვირთი არ გაიზრდება, მეტიც, ეს საგადასახადო შეღავათი მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგის დაგროვების სტიმულს მისცემს.
რაც მთავარია, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელ კერძო ფონდში დააბანდოს თავისი პენსია და რამხელა რისკი გასწიოს მისი დაბანდებისას, მთავრობის და ცენტრალური ბიუროკრატიის ნაცვლად.