უსაფრთხოების სამსახურები
პრობლემა 1
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს მთავრობა რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად იყენებს
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებამოსილებების მინიჭება ზრდის ძალაუფლების გადაჭარბების და ბოროტად გამოყენების რისკს. ამჟამინდელი კანონმდებლობით, უსაფრთხოების სამსახურს აქვს საგამოძიებო ფუნქცია – დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და დამნაშავე პირთა ძებნა-გამოძიების, დაკავებისა და დანაშაულზე დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების უფლება. ეს ზრდის ძალაუფლების გადამეტებისა და მოქალაქეთა უფლებების დარღვევის რისკებს.
გამოსავალი:
უსაფრთხოების სამსახურებისთვის სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებამოსილებების შეზღუდვა
ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სისტემურად შესაზღუდად უსაფრთხოების სამსახურებს უნდა ჩამოერთვათ ან მნიშვნელოვნად შეეზღუდოთ აღმასრულებელი ძალაუფლება და დაევალოთ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა. ამ რეფორმით უსაფრთხოების სამსახურების მთავარი ფუნქცია, ერთი მხრივ, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო ოპერაციების წარმოება იქნება. ამასთან, ძალაუფლების გადაჭარბებისა და ბოროტად გამოყენების რისკების გათვალისწინებით, აღნიშნული სადაზრვერვო ინფორმაციის სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენება უნდა შეიზღუდოს.
პრობლემა 2
უსაფრთხოების სამსახურების არაეფექტიანობა
ერთ სტრუქტურაში ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია, არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში, არა მხოლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს ზრდის, არამედ დაზვერვის სისტემის ეფექტიანობასაც ძირს უთხრის.
უსაფრთხოების ერთ სტრუქტურაში ძალაუფლების ჭარბი ცენტრალიზება ართულებს სადაზვერვო მასალის შეგროვებისა და ანალიზის პროცესს, რაც, თავის მხრივ, სადაზვერვო ინფორმაციის ნაკლოვანებას განაპირობებს და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ხელიდან გაშვებისა და არაადეკვატური საპასუხო ქმედებების რისკს ქმნის.
არაეფექტური ბიუროკრატიული პროცესის გათვალისწინებით, დიდ ორგანიზაციებს აკლიათ მოქნილობა და დროული რეაგირების რესურსი.
გამოსავალი:
ეფექტური სადაზვერვო სამსახურის უზრუნველყოფა სტრუქტურის თემატურად დაყოფისა და სადაზვერვო პროდუქტების დივერსიფიკაციის გზით
არსებული თავკომბალა სისტემა უნდა ჩანაცვლდეს შემდეგი ექვსი სააგენტოთი: საგარეო დაზვერვა, კონტრდაზვერვა, სამხედრო დაზვერვა, ანტი-ტერორისტული, ძალადობრივი ჯგუფებისგან სამოქალაქო თავისუფლებების დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოები.
თითოეულ სააგენტოს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება. შედეგად, გამიჯნული იქნება პოლიტიკური და ტექნიკური თანამდებობები. მინისტრი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტთან და მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების სამსახურების პოლიტიკის დაგეგმვაში, ხოლო სააგენტოების უშუალო ხელმძღვანელებს ანალიტიკური და ოპერაციული დავალებების შესრულება დაევალებათ.
არსებული სისტემის პროფილური სააგენტოებით ჩანაცვლებით, გაიზრდება უსაფრთხოების სამსახურების ეფექტიანობა. თითოეულ სააგენტოს ექნება მკაფიო, გამოკვეთილი ამოცანები, რაც რესურსისა და ძალისხმევის ეფექტურ გამოყენებას შეუწყობს ხელს.
დაზვერვის ინფორმაციის წყაროების ამგვარი დივერსიფიკაციით ჩვენ მივაღწევთ ნაკლებად პოლიტიზირებულ და მეტად დაბალანსებულ უსაფრთხოების სისტემას.