Rotating Banner
FedsApp BETA 1
ვებ-საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

როდის დავასრულებთ რეჟიმს – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ამ ვაჟბატონებმა ჯერ ის უნდა იცოდენ, რომ ერი შაერთებულად გენიოსია; იმას შაიძლება გარკვევით არ ესმოდეს თავისი მდგომარეობა, მაგრამ უეჭველია, რომ გრძნობს კი”  ვაჟა-ფშაველა.

გამორჩეული წელი მიილია  –  ინსტიტუციური ტერორითა და სამოქალაქო თავდადებით, უსამართლობითა და თანადგომით, ტყუილებითა და სიმართლით, დაპირისპირებითა და ერთობით, ღალატითა და ერთგულებით, ბოროტებითა და სიკეთით აღსავსე წელიწადი. 

არ ვიცი, გარკვევით ვის გვესმოდა და ვის არა ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ ის უეჭველია, რომ როდესაც ივანიშვილის ჯამბაზმა დასავლური გზიდან გადახვევის შესახებ ოფიციალურად გვამცნო, “შაერთებულმა გენიამ” საქართველოს უამრავ მოქალაქეს ერთდროულად გვაგრძნობინა ის, რაზეც მერაბ კოსტავამ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე გაგვაფრთხილა – თუ არ ვიბრძოლებდით, დიდი ფასით მოპოვებულ თავისუფლებას დავკარგავდით ჩვენც და ქვეყანაც. 

ამ გრძნობამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთმანეთთან შეუთანხმებლად და სტიქიურად გამოგვიყვანა ქუჩაში თითქმის 400 დღის წინ და ეს გრძნობა, უკვე წელიწადზე მეტია, ამოძრავებს უწყვეტ წინააღმდეგობას, რაზეც, პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოს თავისუფლების ბედი ჰკიდია. 

მდგომარეობა რთულია, სურათი – მარტივ

ან წინააღმდეგობა მიაღწევს, რომ ივანიშვილმა ქვეყანაზე კონტროლი დაკარგოს და მიტაცებული ძალაუფლება დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მიანიჭებენ ლეგიტიმურ მანდატს იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც თავად ენდობიან;

–   ამ შემთხვევაში ქართველის ერის “შაერთებული გენია” გოლს გაიტანს, და არა მხოლოდ გადაარჩენს სახელმწიფოებრიობას და ქართულ იდენტობას, არამედ დემოკრატიულ, სამართლებრივ რესპუბლიკად დაფუძნდება და ისტორიულ მისიას შეასრულებს – თავს ბუნებრივ წიაღში, ევროპაში დაიმკვიდრებს, ანუ იქ, სადაც განავითარებს წესებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, სადაც წარმატება ნიჭზე და შრომის ეთიკაზეა დამოკიდებული, სადაც თანამედროვე განათლება, მაღალი ტექნოლოგიები და ხარისხიანი ჯანდაცვა ცხოვრების წესია და არა ფუფუნება. 

ანაც რეჟიმი გაანეიტრალებს წინააღმდეგობას და ძალაუფლებას გაიხანგრძლივებს; 

–  ამ შემთხვევაში, საფრთხე, რომ ჩვენი ბედი მართლა აშხაბადში გადაწყდეს, გარდაუვალ რეალობად გადაიქცევა, რაც საქართველოს სუვერენიტეტის რუსეთისთვის გაფორმებას და ქვეყნის გაპარტახებას ნიშნავს. 

რატომ?

  • იმიტომ, რომ პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი მხოლოდ ალიანსში არსებობს!
  • მარტოსული პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი ფიქციაა!
  • და ახლა საქართველო მარტოა რუსეთის პირისპირ.

რუსეთის გაცხადებული ამოცანა კი ისტორიის რევიზია და საბჭოთა პერიოდის გავლენის აღდგენაა, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას ცალსახად გამორიცხავს. 

შეერთებული შტატების პრიორიტეტებიდან ამოვარდნა ნიშნავს არა “მეტ დამოუკიდებლობას”, რასაც რეჟიმის ჯამბაზები ამტკიცებენ, არამედ სუვერენიტეტის ინსტრუმენტის დაკარგვას მაშინ, როცა ის ყველაზე მეტად გვჭირდება. 

ყველაზე მეტად იმიტომ, რომ ჩვენ ახლა უბრალოდ ცუდი მთავრობის ატანის არჩევანს არ ვაკეთებთ, ჩვენ მომავალი საუკუნის ცივილიზაციური კუთვნილების არჩევანის წინაშე ვდგავართ, რადგან  უკრაინის ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, დაიწერება ახალი “ვერსალის ზავი” ან “იალტა 2” და ახლა წყდება, ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როცა ევრაზიის ახალი საზღვრები დაიხაზება და კონტინენტს ახალი “რკინის ფარდა” ჩამოეფარება.

ამერიკის დღევანდელი პოლიტიკა ტრანზაქციულია. “უფასო ლანჩის” ეპოქა დამთავრდა. ილუზია, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი გვინერგავს, თითქოს ჩვენ უფრო ვჭირდებით დასავლეთს, ვიდრე დასავლეთი – ჩვენ, შეურაცხმყოფელი სიყალბეა. 

სიმართლე ისაა, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმი შეერთებული შტატებისთვის დღეს ტოქსიკური ტვირთია და არა სასარგებლო მოკავშირე. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ქართული საზოგადოება საკუთარ თავში არ გამონახავს ძალას, რომ ივანიშვილი და მისი ჯამბაზების ბანდა პროგნოზირებადი, სანდო და დემოკრატიული მმართველობით შეცვალოს. 

იგივეა დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის შემთხვევაშიც – უკვე გადაილახა ის წერტილი, საიდანაც ივანიშვილი უკან ვერ დაბრუნდება. მის პირობებში, გარდაუვლად დავკარგავთ იმ სიკეთეებს, რაც ჯერ კიდევ გვაქვს ევროკავშირისგან  – იქნება ეს უვიზო მიმოსვლა, თუ თავისუფალი ვაჭრობა. 

აშშ-ს პრიორიტეტებიდან საქართველოს გაქრობა იმას ნიშნავს, რომ ომის დასრულების შემდეგ, საქართველო მოლაპარაკების მაგიდასთან კი არ იჯდება, როგორც ანგარიშგასაწევი მოკავშირე. არამედ მენიუში იქნება – როგორც ტოქსიკური აქტივი. შესაბამისად, საფრთხე, რომ რუსულ-ავტოკრატიულ ორბიტაზე დავრჩეთ, სავსებით  რეალურია. 

რუსულ ორბიტაზე ეკონომიკა კორუმპირებული ელიტების პირადი სალაროა. აქ სახელმწიფოებრიობა მხოლოდ ფასადია, რომლის მიღმაც ქვეყნის რესურსების ძარცვა და ხალხის უუფლებობა იმალება. 

აქ მოგებას ნახულობს მხოლოდ რეჟიმთან დაახლოებული პირი. შედეგად ვიღებთ სურათს, სადაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ ეს ზრდა მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის ჯიბეზე აისახებოდეს, ხოლო უდიდესი უმრავლესობა ღარიბდებოდეს ინფლაციისა და უპერსპექტივობის გამო. ასე რომ, დასავლეთისგან იზოლაცია, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს ქართველი ხალხის გაღარიბებას ერთი მილიარდერისა და მისი გარემოცვის ფუფუნების სანაცვლოდ.

რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას, ამერიკის პრიორიტეტებიდან ამოვარდნას და ევროპისგან იზოლაციას ივანიშვილი “მშვიდობას” ეძახის. სინამდვილეში ეს კატასტროფაა. გეოპოლიტიკაში ვაკუუმი არ არსებობს. საიდანაც გადის ამერიკა, მიჰყვება ევროპა და შედის რუსეთი. 

რუსეთს მოაქვს ქაოსი, ტოტალური კორუფცია, უსამართლობა, კრიმინალი, ისლამური ტერორიზმის და სხვა ჯურის საფრთხეები. დასავლური ქოლგის გარეშე დარჩენა ნიშნავს, რომ ჩვენი ბედი კრემლის “კეთილ ნებაზე” ხდება დამოკიდებული. რუსეთის ანაბარა ყოფნის შედეგები საქართველომ უკვე მრავალგზის იწვნია: მხოლოდ გასულ საუკუნეში საბჭოთა რეპრესიებს შეწირული ათობით ათასი ყველაზე ნიჭიერი ქართველის, მეორე მსოფლიო და რუსეთის სხვა ომებში დაღუპული ასობით ათასი ქართველის და 1992-1993 წლებში აფხაზეთში ქართველთა გენოციდის სახით. 

ლოგიკურია, ვიკითხოთ: 

თუკი სურათი ასეთი მარტივია და ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას;

თუკი ხალხი “შაერთებულად გენიოსია”, მდგომარეობა რთული რატომაა?  

რატომ არ დგას ქუჩაში საკმარისი ხალხი, რომ რეჟიმი ახლავე შეცვალოს? 

სად არის ეს “შაერთებული გენია”? რატომაა ის გაფანტული? 

საქმე ისაა, რომ ხალხის ერთობლივი სიბრძნე სტიქიური ხდება მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად (და არა ჯოგურად, ანუ მიმბაძველობით), ერთსა და იმავე მოვლენას ერთნაირად გაიაზრებს  და ერთმანეთთან შეუთანხმებლად იწყებს ერთნაირად მოქმედებას. 

მაგალითად, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებულ გავრილოვს ან ევროინტეგრაციის შეწყვეტის შესახებ განცხადებას, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთნაირ შეურაცხყოფად აღიქვამს ათობით და ასობით ათასი ქართველი და რისხვას ქუჩაში გამოხატავს, ასე იქმნება სტიქია – სტიქიური პროტესტი ყოველთვის დამოუკიდებელი იმპულსების ერთობლიობაა.

სტიქიური პროტესტისგან თავისი ძალაუფლების დასაცავად, მოქმედებას იწყებს რეჟიმის რეპრესიული აპარატი, რომელიც ძალადობს, წამლავს, აწამებს, ამცირებს, ატყვევებს, აჯარიმებს, ავიწროებს, სამსახურიდან აგდებს და ამ გზით, პროტესტში მონაწილეობის ფასს ზრდის. 

როცა პროტესტში მონაწილეობის ფასი იზრდება, სტიქია უკან დახევას იწყებს და ეს კანონზომიერია, რადგან როგორც ზემოთ ვთქვი – ხალხის სიბრძნის სტიქიურ პროტესტად ქცევას სჭირდება მრავალი ადამიანის დამოუკიდებელი განსჯა, ხოლო რეპრესია დამოუკიდებელი განსჯის და მოქმედების უნარს აქვეითებს – ადამიანს მეტად დამოკიდებულს ხდის სხვაზე. ანუ, როდესაც რეჟიმი პროტესტში მონაწილეობის ფასს ზრდის, მოქალაქეთა დიდი ნაწილი აღარ სვამს კითხვას – რა არის სწორი? მათ უმრავლესობას აინტერესებს, სხვები რას იზამენ?

ასეთ დროს, პროტესტის სიცოცხლისუნარიანობისა და შედეგიანობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება სამოქალაქო ურთიერთნდობის ფაქტორი. 

საქმე ისაა, რომ ავტორიტარული რეჟიმები საზოგადოებას არ ამარცხებენ მისი დარწმუნებით. ავტორიტარების გამარჯვების სტრატეგია წინააღმდეგობის მონაწილეთა შორის უნდობლობის გაღვივებაა.

უნდობლობის გაღვივებას ემსახურება:

ერთი მხრივ რეპრესიები – ადამიანებმა რწმენა უნდა დაკარგონ, რომ პერსონალური მსხვერპლის გაღებას აზრი აქვს და ეს მაშინ მოხდება, თუ სხვების გამძლეობის იმედი არ ექნებათ.

ხოლო, მეორე მხრივ, პროპაგანდა – პროტესტი, სინამდვილეში, უცხოეთიდან მართული “ოცდაათიოდე აკაცუკია”, რომელსაც ომი და კაცების “პომადიან ქალებად” გადაკეთება უნდა. 

როცა პროტესტში მონაწილეობის ფასი ძალიან მაღალია და თანამებრძოლების ნდობა და იმედი არ გაქვს, მოქმედების მოტივაცია იკლებს და სტიქიური პროტესტი სტრატეგიულ დუმილში გადადის. 

მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ სტრატეგიული დუმილი არ არის გულგრილობა, ან უვიცობა. ეს არის სოციალური ატომიზაციის შედეგი – როცა რეჟიმი ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ნდობას უკარგავს, თითოეული მოქალაქე ინდივიდუალურ გადარჩენაზე გადადის. ეს არის “პატიმრის დილემის” კლასიკური მაგალითი: ადამიანს შეიძლება სძულდეს რეჟიმი, მაგრამ არ გამოდიოდეს ქუჩაში, რადგან არ აქვს გარანტია, რომ მისი პერსონალური მსხვერპლი სხვების მხარდაჭერით დაზღვეული იქნება. ამიტომ, მათზე თავდასხმა სრულიად კონტპროდუქტიულია, რადგან ნდობის და მოტივაციის ნაცვლად, მეტ გაუცხოებას იწვევს. 

თუ სტრატეგიული დუმილი რეპრესიების პირობებში კანონზომიერია და მდუმარეებზე თავდასხმა კონტრპროდუქტიული, ჩვენს ხელში რაღა რჩება?  

საქმე ისაა, რომ მხოლოდ რეპრესიები და პროპაგანდა არ არის ის ერთადერთი სისტემური მიზეზი, რაც პროტესტის წარმატებას ხელს უშლის. 

რეპრესიები და პროპაგანდა რომ უებარი წამალი იყოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ისინი არსად დაემხობოდნენ, მაგრამ ისტორია ცოცხალი მოწმეა, რომ ემხობიან. 

როგორც აღვწერე, სახალხო სიბრძნის სტიქიური მოქმედება ლიმიტირებულია. 

ის გაიელვებს და დაგვანახებს პრობლემას! ის დაიქუხებს, რომ რაღაც არასწორია და ასე ვერ გაგრძელდება! ის წყალდიდობად მოვა და შექმნის დაკვეთას!

მაგრამ სახალხო სიბრძნე უძლურია, უპასუხოს კითხვებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი; როგორ უნდა შევამციროთ რეპრესიების ფასი; როგორ უნდა დავიცვათ პროტესტის მონაწილეები; როგორ უნდა გავზარდოთ რეჟიმზე შიდა და გარე წნეხი; როგორ უნდა შევინარჩუნოთ პროტესტის წარმატების იმედი და მონაწილეების მოტივაცია იქამდე, ვიდრე შედეგი არ დადგება; და საერთოდ, რას ნიშნავს შედეგი და რა შინაარსს ატარებს ის თითოეული მოქალაქისთვის. 

ამ კითხვებზე პასუხი უკვე პოლიტიკის საქმეა. 

თუ პოლიტიკის სუბიექტები, ერთი მხრივ პოლიტიკური პარტიები, მეორე მხრივ კი მათი გზავნილის გამტარი და გამავრცელებელი ტელემედია, დამაჯერებელ და ამომწურავ პასუხებს არ სცემენ ზემოთ ჩამოთვლილ და სხვა კითხვებს, იქმნება ლიდერობის კრიზისი და სტრატეგიული დუმილი კიდევ უფრო ყოვლისმომცველი ხდება. 

ესეც კანონზომიერი პროცესია, რადგან მაშინ, როდესაც პროტესტში მონაწილეობის ფასი ძალიან მაღალია, ხოლო შედეგი სრულიად ბუნდოვანი, ადამიანების უმრავლესობა რაციონალურ გამოსავალს ეძებს. მან კვლავინდებურად იცის, სწორი რა არის, არც აზრი შეუცვლია, უბრალოდ, გამოხატვას დუმილს არჩევს, რომ მძიმე ფასის გადახდა არ დასჭირდეს იმაში, რისიც არ სჯერა, ან რისი შედეგიც ბუნდოვანია.  

რატომ ვერ გაეცა კითხვებს პასუხი? 

რატომ შეიქმნა ლიდერობის კრიზისი ოპოზიციაში? 

პოლიტიკური ოპოზიციის კრიზისიც კანონზომიერი მოვლენაა და ამის მიზეზიც სისტემურია. ამ მიზეზს ჰქვია ოპოზიციური ავტოკრატია და ის, ხშირად,  მეტ ზიანს აყენებს პროტესტის გამძლეობას, ვიდრე რეჟიმის რეპრესიული ზომები. რადგან: 

  • როცა ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ნება განსაზღვრავს ოპოზიციურ პოლიტიკურ დღის წესრიგს;  
  • როცა ოპოზიციური პოლიტიკური სისტემა ამ ვიწრო ჯგუფის პერსონალურ მორჩილებაზე დგას, ნაცვლად მერიტოკრატიისა; 
  • როცა ამ ვიწრო ჯგუფის იდეების და მოქმედებების კრიტიკა ღალატად ირაცხება და ისჯება; 
  • როცა ამ ვიწრო ჯგუფს ვინც უპირისპირდება, “ნულდება” და მედიიდან ქრება; 

ოპოზიციის დიდი ნაწილი ჯოგურ მოქმედებას იწყებს, გამონაკლისი მარგინალიზდება და ყველაფერი რეჟიმთან მორიგი მარცხით სრულდება, რადგან იმ სტიქიას, რამაც რეჟიმი შეიძლება წალეკოს, ისეთი იმპულსების ერთობლიობა სჭირდება, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთნაირად იმოქმედონ და არა ჯოგურად, ოპოზიციური ავტოკრატიის წნეხის კარნახით. 

კი მაგრამ, ოპოზიციური ავტოკრატიის წნეხი რას აშავებს (რა დროს ეგაა)? 

  • ავტოკრატიულ პოლიტიკურ დღის წესრიგში ის პასუხები არ ჩანს, რასაც ფართო მოცვა ექნება და მხოლოდ ვიწრო ჯგუფის ინტერესებსაა მორგებული;
  • ავტოკრატიული პარტიების პოლიტიკოსები ერთმანეთთან მანევრებზე ლაპარაკს მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ამომრჩევლის ინტერესებზე; 
  • ავტოკრატიულ პარტიებში ადამიანთა ვიწრო ჯგუფი წყვეტს, რომელი სიმართლეა უხერხული, ან არასაჭირო, რა ითქვას და რა დაიმალოს; 
  • ავტოკრატთა მორჩილების ნიშნით შერჩეული პოლიტიკური ელიტა კრიტიკის მიღმა რჩება;
  • ინდივიდუალური და კრიტიკული აზროვნების სივრცე იზღუდება.

ასეთ პირობებში, სრულიად ბუნებრივია, რომ საკმარისი რაოდენობის მოქალაქე ვერ იღებს დამაჯერებელ პასუხს კითხვაზე, რა შედეგს მოიტანს პროტესტში მონაწილეობა იმ ფასის სანაცვლოდ, რის გადახდასაც რეჟიმი აიძულებს – ამიტომ არ იხდის და პროცესი მარცხდება.

სწორედ ამ მიზეზით, მონოპოლიზებულ სივრცეებში სახალხო სიბრძნე სტიქიად ვერ გადაიქცევა მაშინაც კი, როდესაც ეს მონოპოლიები წინააღმდეგობის ენაზე საუბრობენ. 

ამის კაშკაშა მაგალითია ლელოს შედეგი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში, სადაც ის “თბილისის გამოგლეჯვის” ყალბი ლოზუნგით შევიდა და ოპოზიციური ტელემედიის ყურმოჭრილი მსახურების და არაერთი მილიონის დახარჯვის შედეგად, თავიც დაისუსტა და ისედაც სუსტი ოპოზიციური პოლიტიკური ფრონტიც გახლიჩა. ხაზარაძე იმდენად დარწმუნებული იყო, რომ მონოპოლიზებული ტელემედია და ფული საკმარისია ოპოზიციაში ლიდერობის ვაკუმის შესავსებად, არც კი სცადა პარტნიორი პარტიების დარწმუნება, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომ ერთობლივად გვემოქმედა. 

უარესი – მონოპოლიზებულ სივრცეში თავისუფლად შეიძლება, რომ ოპოზიციურმა ავტოკრატიამ და მისი ჯიბის მედიამ, სახალხო სიბრძნის ნაცვლად, სახალხო სიბრიყვე გააქტიუროს და პროცესი გადაჩეხვის პირას მიიყვანოს – ამის მაგალითია 4 ოქტომბრის ავანტიურა.  

ამ შემთხვევაშიც, რომ არა მონოპოლიზებული ტელემედია, სააკაშვილის ხელმოცარულ ავანტიურისტთა დაჯგუფება ვერ შეძლებდა პროტესტის მონაწილეთა სასოწარკვეთით სარგებლობას და ვერ მოახვევდა საზოგადოებას თავს ამ უპასუხისმგებლო სიგიჟეს. ვერ გააჩუმებდნენ კრიტიკოსებს, ვერ დაგმანავდნენ საღ აზრს, არ ამოქმედდებოდა ჯოგის პრინციპი და შედეგად, ათობით ადამიანი გადაურჩებოდა ივანიშვილის ტყვეობას და უმძიმეს სასჯელს. არც წინააღმდეგობა გამოასხივებდა პროცესისთვის დამაზიანებელ უძალობას და დაუმსახურებელ მარცხს არ გაიფორმებდა მაშინ, როცა ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ არაღიარებული რეჟიმისთვის გამოცლილი აგურები უნდა გვეთვალა. 

სამწუხაროდ, საღი აზრი მაშინ, როგორც იქამდე არაერთხელ, ოპოზიციურმა ავტოკრატიამ ღალატად შერაცხა, ან ჩაახშო. მაგრამ საბედნიეროდ, ისევ საერთო სიბრძნემ გადაგვარჩინა უფრო დიდ კატასტროფას, ანუ ხალხმა, რომელიც რუსთაველზე გავიდა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად, მაგრამ უპასუხისმგებლო დღის წესრიგს არ აჰყვა.

მოკლედ, როცა სურათი და არჩევანი ასეთი მარტივი და ცხადია, “შაერთებული გენიის” დუმილის მიზეზი ავტოკრატიულ ოპოზიციაში მეტად უნდა ვეძებოთ, ვიდრე რეჟიმის რეპრესიებში, რადგან მისი შეცვლა შეგვიძლია, რეჟიმის ბუნების კი – არა. თუ პრობლემის გადაჭრა გვსურს, მოქალაქეებს კი არ უნდა ვტუქსავდეთ პასიურობისთვის, ოპოზიციაში კრიტიკული აზროვნების სივრცეს უნდა ვაფართოვებდეთ. ოპოზიციის შიგნით კრიტიკული აზროვნება უფრო თვალსაჩინოს გახდის, რომ ხალხს არ უნდა ერთი ავტოკრატიის მეორეთი ჩანაცვლება. სწორედ ამიტომაა ოპოზიციური ავტოკრატია რეჟიმის მოკავშირე – ის კლავს ალტერნატივის რწმენას და ის უნდა განეიტრალდეს.

როგორ გავანეიტრალოთ ოპოზიციური ავტოკრატია?

ამ პრობლემის გასაღები ქართული საზოგადოების იმ ნაწილის ხელშია, რომელიც ვერ გატეხა ვერც რეჟიმის რეპრესიებმა, ვერც ოპოზიციურმა ავტოკრატიამ დაუკარგა რწმენა და 400 დღეა, საპროტესტო მარათონშია. 

ესაა ის კრეატიული უმცირესობა, რომელიც ქართველი ერის “შაერთებული გენიის” სტიქიური ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა იმ მისიით, რომ რეჟიმი შეცვალოს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გადაარჩინოს და ქვეყანა თავისი განვითარების ბუნებრივ გზაზე დააბრუნოს. 

ეს ხალხი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობით არის დაჯილდოებული, ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აზროვნებენ და მოქმედებენ, მაგრამ საკუთარ თავზე დიდი მიზანი აერთიანებთ. 

ინდივიდუალური დამოუკიდებლობის და საერთო მიზნის ურთიერთბალანსი კრეატიულ უმცირესობას ანიჭებს უნარსა და ძალას, რომ თამაშის წესები უკარნახოს, ერთი მხრივ, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მოქალაქეების ინტერესების სამსახურში ჩადგომა, ანუ სისტემური გადატვირთვა და დემოკრატიზაცია მოსთხოვოს, ხოლო, მეორე მხრივ, რეჟიმს ისეთი აბსურდული ნაბიჯების გადადგმა აიძულოს, რაც რისკმოშიში სტატუს-კვო ლოიალისტის თვალშიც ლეგიტიმაციას, ანუ ნორმატიულ გავლენას დააკარგინებს – მაგალითად, როცა K-Pop-ის კონცერტიდან არხეინად მომავალს, პირბადეს მოახსნევინებს და აიძულებს, უკბილო ყბა აჩვენოს, ან როცა შვილიშვილს ტროტუარიდან დაუპატიმრებს. 

გასული წლის განმავლობაში რუსთაველის პროტესტმა (ამ სახელში ბათუმის, ქუთაისისა და სხვა ქალაქების საპროტესტო ჯგუფებსაც ვგულისხმობ) შეძლო და ცვლილების გამოსაწვევად საჭირო ოთხივე თვისება აჩვენა: 

  1. თანმიმდევრულობა – პროტესტი თანმიმდევრულად და ჯიუტად მიუყვება რეჟიმის არაღიარების გზას და ამისთვის მზადაა, საკუთარი თავისუფლება  წლობით გაიღოს და შეწყალება არ მიიღოს! 
  2. იდენტიფიკაცია – როგორც არ უნდა შეეცადოს რეჟიმის პროპაგანდა, რომ პროტესტი ერთფეროვანი უცხოელი აგენტების კასტად წარმოაჩინოს, თავად პროტესტმა უზრუნველყო იმის თვალსაჩინოება, რომ ის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროფესიის, იდეოლოგიის, ასაკის, პოლიტიკური გემოვნებისა და სოციალური ჯგუფის ადამიანებს მოიცავს და მათთან იდენტიფიცირება საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის არის იოლი;
  3. სისტემური ხედვა – ავტოკრატიულად, ზემოდან ქვემოთ მართულ სისტემას უარყოფს და დემოკრატიულ პოლიტიკურ ლიდერობას ითხოვს, სისტემას, სადაც მათი ინტერესები გათვალისწინებულია; 
  4. მოქნილობა – პროტესტი წყალივითაა, რეპრესიები ვერ ერევა, მაინც მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ აწამებენ, სცემენ, აშინებენ, აჯარიმებენ, აკავებენ და ატყვევებენ – შესაბამის ფორმას იღებს და უწყვეტად მიედინება. 

აი, ამ ოთხი თავისებურების ერთობლიობის დამსახურებაა ის, რომ რეჟიმმა გაცილებით დიდი ზიანი მიიღო პროტესტით, ვიდრე პროტესტმა – პროტესტით. 

პროტესტის დამსახურებაა შიდა და საერთაშორისო კრიზისი, რასაც შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და კონტინენტური ევროპის სახელმწიფოების სანქციები მოჰყვა. 

შიდა კრიზისის და სანქციების დამსახურებაა ივანიშვილის პარანოია, რაც ასევე სისტემური და კანონზომიერია, რადგან კრიზისების დროს, ყურმოჭრილი მონების მიერ პატრონის თავზეხელაღებული მოქმედებების მიმართ გამოხატული მცირეოდენი ეჭვიც კი ღალატად ითარგმნება. 

როცა მოღალატეების დევნა რუტინა ხდება, იწყება მათზე დამოკიდებულ ბიზნესკლანებში გაუცხოება, რადგან ავტოკრატიაში მათი ნორმალიზაცია პერსონალურ არხებზეა დამოკიდებული და თუ შუამავალი ისჯება – უპატრონოდ რჩება. სხვასთან რომც დალაგდეს, მაინც აფორიაქებულია – რა გარანტია აქვს, რომ ხვალ ახალ შუამავალს არ დასჯიან? ბიზნესის შფოთვა რეჟიმის ძირის გამოთხრას აჩქარებს.  

კრიზისთანაა კავშირში კონტროლის გამკაცრების პოლიტიკა ყველა მიმართულებით – დრაკონული ნარკოპოლიტიკა, ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონეთა რეესტრი, თუმცა, ყველაზე დიდი ზიანის მომტანი მაინც განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებია. კრიზისში მყოფმა რეჟიმმა “ურჩ” სტუდენტებსა და პროფესორებში საფრთხე დაინახა, ამიტომ განათლების სისტემის სრული დამორჩილება გადაწყვიტა და უფასო განათლების დროშით დამოუკიდებელი აზროვნების დასჯა და მორჩილების წახალისება დაიწყო. 

პროტესტის შედეგია BBC-ის გამოძიება, რომელმაც რეჟიმს ბრალი დასდო საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. ივანიშვილის ჯამბაზთა ურთიერთგამომრიცხავმა რეაქციებმა ამ ბრალდებას კიდევ უფრო მყარი საფუძველი შესძინა. 

BBC-ის გამოძიებას მოყვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება გავრილოვის ღამეზე. სასამართლომ დაადგინა, რომ რეჟიმი დამნაშავეა მოქალაქეების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური უფლების დარღვევაში. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივად გაამყარა წარმოდგენა, თუ რაზეა რეჟიმი წამსვლელი საკუთარი ძალაუფლების დასაცავად და რომ ის საკუთარ დანაშაულს არც ქიმიური მოწამვლის შემთხვევაში გამოიძიებს, ზუსტად ისე, როგორც არ გამოიძია პატიმრების წამებისა და პროტესტის მონაწილეებზე ძალადობის შემთხვევები. სიმბოლურია, რომ ეს გადაწყვეტილებაც პროტესტის შედეგია და იმ მოვლენას უკავშირდება, რამაც ქართველი ერის “შაერთებული გენია” პირველად აქცია სტიქიად ივანიშვილის წინააღმდეგ. 

ამას ემატება საერთაშორისო იზოლაცია, რასაც, აშკარაა, რომ რეჟიმიც საკუთარ სისუსტედ აღიქვამს. ის ზიანის კონტროლს ლოიალისტების ფუჭი დაიმედებით ცდილობს, რომ ტრამპთან დალაგდებიან, რადგან ტრამპი “მათნაირია” და საერთო მტერი ჰყავთ დიპსტეიტის სახით. თუმცა, მას შემდეგ, რაც “დალაგება” გაჭიანურდა, ტრამპსაც შეაჩვიეს ენა და დიპსტეიტის მართულად აცხადებენ, ასე ცდილობენ სტატუს-კვო ლოიალისტებისთვის იმის ახსნას, რომ მათი პატრონი შეერთებული შტატების მიერ ისევ სანქცირებულია, სხვადასხვა დასავლური ქვეყნის მიერ სანქცირებული პირების რაოდენობა 230-ს აჭარბებს, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასთან შეწყვეტილია უვიზო მიმოსვლა. 

მერე რა, უკან მაინც არ იხევენ!

საქმე ისაა, რომ რეჟიმის ნაბიჯებით გამოწვეული უკმაყოფილება სცდება რეჟიმის მოწინააღმდეგეთა რიგებს და რეჟიმის მომხრეებში აღწევს, რომლებიც ხედავენ, რომ ივანიშვილმა თავისი ყურმოჭრილი მონები “საზარბაზნე ხორცად” აქცია სანქციების პირისპირ. რეჟიმის მომხრეებიც არიან მათ შორის, ვისაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება პრობლემებს შეუქმნის, რეჟიმის მომხრეებიც არიან მათ შორის, ვინც ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად ვაჭრობს,  რეჟიმის მომხრეებიც არიან მათ შორის, ვისაც ქიმიური მოწამვლა ქრონიკული დაავადებებისთვის სწირავს, რეჟიმის მომხრეებიც არიან იმ პაციენტებს შორის, ვისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაც დაუცველი ხდება; რეჟიმის მომხრეებიც ყვებიან დამამცირებელ რეიდებში, იმისთვის, რომ რეჟიმმა ნარკომანიასთან ბრძოლის იმიტაცია შექმნას; რეჟიმის მომხრეებიც არიან იმ სტუდენტების მშობლებს შორის, რომლებიც მაღალ ქულებს კი იღებენ ეროვნულ გამოცდებში, მაგრამ სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ და მნიშვნელოვან შეღავათს დაკარგავენ. 

ესეც კანონზომიერი და სისტემურია – ატოკრატიულ სისტემაში სიმშვიდის და უსაფრთხოების გარანტია არავის აქვს – არც ბიზნესმენს და არც საჯარო მოხელეს. სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, იქ ყველას ბედი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული. დღევანდელი პრივილეგირებული პირი ხვალ შეიძლება რეპრესიების მსხვერპლი გახდეს. 

რადგან სისტემა უკვე თავის მომხრეებსაც ვეღარ იცავს, სტატუს-კვო ლოიალისტების თვალშიც ირყევა რწმენა, რომ მმართველი ძალა ოპტიმალური და მისაღები არჩევანია, რაც მათ შემდეგი სტიქიური პროტესტის პოტენციურ მონაწილეებად აქცევს.

როდის დაიხევს უკან და დასრულდება რეჟიმი?

როდესაც საქართველოს მოქალაქეების კრიტიკული უმრავლესობისთვის ცხადი გახდება – გაიგებს, ან იგრძნობს, რომ სტრატეგიული დუმილის დარღვევა და რეჟიმის ცვლილებაში მონაწილეობა მის სასიცოცხლო ინტერესშია, “შაერთებული გენია” საპროტესტო სტიქიად გარდაიქმნება და რეჟიმს წალეკავს. 

როგორ გავხადოთ კრიტიკული უმრავლესობისთვის ეს ცხადი, როგორ გავაგებინოთ, ან ვაგრძნობინოთ? 

მოქალაქეების დიდი უმრავლესობის სასიცოცხლო ინტერესებს თვალსაჩინოს, გასაგებს და საგრძნობს ვერ გახდიან პარტიები, რომლებიც ფართო საზოგადოების პრიორიტეტების მსახურების ნაცვლად საკუთარი ბელადების უაზრო და ხშირად, დანაშაულებრივად უპასუხისმგებლო კაპრიზების დაკმაყოფილებით არიან დაკავებულნი. 

ქართველების სახალხო სიბრძნის სასარგებლო და შედეგიანი აქტივაცია მხოლოდ მომავალზე ორიენტირებული და საზოგადოების ფართო ინტერესებზე გათვლილი დემოკრატიული შინაარსითაა შესაძლებელი. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ჩვენი მიზანი არა “ახალი ბელადების” მოყვანა, არამედ ინსტიტუციური მერიტოკრატიაა, რომელიც ეფუძნება არა პერსონალურ ერთგულებას, არამედ კომპეტენციას და კრიტიკულ აზროვნებას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს და იგრძნოს, რომ პოლიტიკურ სპექტრში არიან ახალი ენერგიის, პრაგმატიზმისა და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, რომელთაც  ყველა სფეროში აქვთ მკაფიო ხედვა და საკმარისი კომპეტენცია იმისთვის, რომ მშვიდად ანდონ ქვეყნის ბედი და საკუთარი მომავალი. 

მხოლოდ ასეთ გარემოში იბადება ის ხარისხიანი პოლიტიკური შინაარსი, რომელიც მოქალაქეს დაარწმუნებს, რომ პროტესტში მონაწილეობის მაღალ ფასს მის ნათელ მომავალში იხდის და არა მორიგი “ჩინოვნიკის” კორუფციულად გამდიდრებაში. 

ერთადერთი გზა, რომ დემოკრატიული შინაარსი ფართო მასების თვალებს და ყურებს მისწვდეს, მათ აზროვნებაში შეაღწიოს, გულამდე ჩავიდეს და რეჟიმის ცვლილებაში მათი სასიცოცხლო ინტერესი დაანახოს, არის დემოკრატიული პარტიების მეინსტრიმიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შექმნან დემოკრატიულმა ძალებმა.

რაც შეეხება ოპოზიციურ ავტოკრატიებს, მათ ან სისტემური გადატვირთვა (ბელადების დამხობა) და დემოკრატიული თამაშის წესების მიღება მოუწევთ, რომ პროცესში დარჩნენ, ანაც ელექტორალურად (!) გაქრებიან სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში. 

ვაჟას სიტყვებს თუ დავუბრუნდებით, ერის “შაერთებული გენია” ახლა სწორედ ამ დემოკრატიულ გადატვირთვას ელოდება, ამის გარეშე სტრატეგიულ დუმილს არ დაარღვევს. მართალია, საფრთხეს გრძნობს, მაგრამ მას სჭირდება თავის ინტერესებზე ფოკუსირებული პოლიტიკური დასაყრდენი, იმისთვის, რომ ეს გრძნობა ქმედებად აქციოს და რეჟიმი წააქციოს. 

პასუხისმგებლიანი ქართული პარტიების მისიაა, ხალხისთვის სწორედ ასეთ დასაყრდენად იქცნენ – რადგან მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი 34-წლიანი ბრძოლის წარმატებით გაგრძელება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენით, ვარდების რევოლუციით და ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი ცვლილებით დაიწყო, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ მოსატანი აქვს პატიოსანი შრომით ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა, კანონის უზენაესობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობა.

უდაბნოდან გასასვლელი გზა არის ეს! გზა არის ერთი! და მხოლოდ ამ გზით მივალთ აღთქმულ მიწამდე! 

გილოცავთ ახალ წელს! 

გავიმარჯვებთ სახელოვნად!