ჩვენ ვართ ფედერალისტები, სისტემურად და შინაარსობრივად ახალი, ქართული პოლიტიკური პარტია.
ფედერალისტები მივიჩნევთ, რომ ქართული პოლიტიკის ჩავარდნა სისტემურია. იმისთვის, რომ ზემოდან ქვემოთ მომართული, ძალმომრეობაზე დაფუძნებული სისტემა შეიცვალოს და სახელმწიფო მოქალაქის ინიციატივასა და არჩევანს დაეფუძნოს, საჭიროა ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა და ახალი, დეცენტრალიზებული და ძლიერ მოქალაქეზე დაფუძნებული რესპუბლიკის შექმნა.
რატომ ფედერალიზმი?
ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი რაციონალური, თუმცა ამავდროულად, ნაკლოვანი არსებაა. ის შეიძლება გახარბდეს, მოიპაროს, მოიტყუოს, შეცდეს ან შევიწროება, ჩაგვრა, სხვებზე გაბატონება მოუნდეს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური სისტემაში ინტეგრირებული უნდა იყოს იმგვარი შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები, რომელიც თავისუფლების იდეას დაიცავს როგორც მმართველის, ისე უმრავლესობის ტირანიისგან. თუმცა ამავდროულად, მოქმედებს რა თვითინტერესით, ადამიანზე მეტად არავინ არის დაინტერესებული იმ პრობლემების მოგვარებით, რომლებიც უშუალოდ მას ეხება.
ამგვარად, ფედერალურ რესპუბლიკაში, რომელიც სუბსიდიარობის პრინციპს ეფუძნება, მოქალაქის პრობლემები გადაწყდება იქ, სადაც ისინი იჩენს თავს — ადგილობრივ, თვითმმართველ დონეზე. შედეგად, პოლიტიკა რეალურად დაუახლოვდება ხალხს, მოქალაქე გაძლიერდება და ხელისუფლება მის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული, რადგან ის იქნება ძალაუფლების რეალური წყარო.