Rotating Banner
FedsApp BETA 1
ვებ-საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ივანიშვილის რეჟიმი ინგრევა

ღარიბაშვილი ციხეშია, გახარია დაუსწრებლად ბრალდებულია, ციხეშია ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბრალდებულია და პატიმრობაშია ივანიშვილის ყოფილი მარჯვენა ხელი და სუს-ის ყოფილი უფროსი, დევნაშია ყოფილი მთავარი პროკურორი, მსჯავრდებული ან ბრალდებულია რამდენიმე ყოფილი მინისტრის მოადგილე.

ერთი სიტყვით, ქართულ ოცნებაში დედა შვილს არ აიყვანს.

ივანიშვილის დაბზარულ რეჟიმს ნატეხები სცვივა და ინგრევა.

ციხეში ის ხალხია, ვინც ამ დროისთვის ივანიშვილმა მოღალატედ ჩათვალა.

მაგრამ მილიარდერის მოღალატეების წრე უფრო და უფრო მეტად ფართოვდება.

რა დააშავეს?

ის დააშავეს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებების შედეგად შექმნილ კრიზისში ივანიშვილს მათი საქციელი არ მოეწონა.

ივანიშვილის კარზე მიმდინარე აურზაური არყევს სტატუს კვოს ბურჯებს – შფოთავს მსხვილი და საშუალო ბიზნესი, გაანაწყენებულია ერთ დროს ივანიშვილის ფავორიტი გაზეთი ასავალ-დასავალი და მისი მკითხველი – ანუ ივანიშვილის ელექტორალური ბაზა.

მოკლედ, სტატუს კვო თანდათან ინგრევა, ვიდრე ერთბაშად ჩამოინგრევა.

იცით, რატომ ინგრევა?

იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუტეხელმა წინააღმდეგობამ და ქართველი ხალხის მხარდაჭერმა დასავლურმა სანქციებმა რუსულ რეჟიმს ლეგიტიმაციის კრიზისი შეუქმნა, ივანიშვილს პარანოია აჰკიდა, ინტრიგების მიმართ მოწყვლადად აქცია და საკუთარ რიგებში ვირთხებზე, ხოლო ვირთხებს ერთმანეთზე ნადირობა დააწყებინა.

და ეს არის დიდებული!


მილიარდერი ცაიტნოტშია – ნგრევის შესაჩერებლად თუ არა, შესაყოვნებლად მაინც, მას ვითარების სტაბილიზაცია სჭირდება.

იმისთვის, რომ დასტაბილურდეს, საზოგადოების წინააღმდეგობა უნდა გატეხოს – მისი ბელარუსიზაცია მოახდინოს და დასავლეთმა მიიღოს ისე, როგორც ლუკაშენკო მიიღო – უცვლელ მოცემულობად.

ამიტომ სრულიად კანონზომიერია ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებული ეპისტოლე, სადაც ის გაუტეხელი სინდისის პატიმრებს საკუთარი დანაშაულის და რეჟიმის აღიარებას ეაჯება.

„აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ!“ – წერს შალვა პაპუაშვილი თავის წერილში და პოლიტიკური პატიმრებისგან ითხოვს, თავისუფლების სანაცვლოდ, დანაშაულად შერაცხონ ის, რასაც თავად პოლიტიკური პატიმრები სამართლებრივ და ღირსეულ სახელმწიფოში ცხოვრების სურვილს უწოდებენ.

ივანიშვილის მონა ყალბი მზრუნველობით აღსავსე ტონით შეურაცხყოფს რეჟიმის პატიმრებს, თითქოს ისინი არა გონიერი და დამოუკიდებელი ზრდასრულები, არამედ მართული სულელები არიან, რომლებსაც რუსული რეჟიმის დაუმორჩილებლობა ვიღაც „აკაცუკებმა“ აიძულეს:

„ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: უსინდისობის პატიმრები“, – წერს ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა.

რეჟიმის სასოწარკვეთა გასაგებია: სანამ პოლიტიკური პატიმრები რეჟიმის სიცრუეს სიმართლედ არ აღიარებენ, მათი პატიმრობა რეჟიმის დანაშაულად რჩება და ვითარების სტაბილიზაციას შეუძლებელ მისიად აქცევს.

სწორედ ამიტომ რეჟიმი ცდილობს სინდისის პატიმრები და საპროტესტო საზოგადოება ერთმანეთის წინააღმდეგ განგვაწყოს, დაგვაპირისპიროს და ასე გაგვტეხოს.

სიმბოლურია, რომ თამაშთა თეორიაში „პატიმრის დილემა“ ჰქვია მოდელს, რომელშიც, ერთი შეხედვით, ინდივიდუალურად უსაფრთხო გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ყველასთვის მძიმე შედეგი დააყენოს – რეჟიმიც სწორედ ამ დილემით „გვეთამაშება“ და მსგავსი არჩევანის წინაშე ჩვენს დაყენებას ცდილობს.

დიახ, ივანიშვილის „ცხოველების ფერმის“ ეს ბინადარი, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებას არწმუნებს, რომ რეჟიმის პატიმრები საკუთარი სინდისის კარნახით, დამოუკიდებელი ნებით და შეგნებით კი არ მოქმედებენ, არამედ ვიღაცის აზრის ეშინიათ და ამ გზით მათი სიმამაცის გაუფასურებას ცდილობს.

მეორე მხრივ, სინდისის პატიმრებს უმტკიცებს, რომ უმადურმა საზოგადოებამ ისინი მიატოვა და მათ თავგანწირვას არ აფასებს.

ამასვე იმეორებენ ის მოლაპარაკე თავები, რომლებიც საზოგადოებას აბნევენ იმით, რომ ოპოზიციონერებად პოზიციონირებენ, მაგრამ რეალურად მათი ხელიდან, ნებით თუ უნებლიეთ, წინააღმდეგობას ძირს უთხრიან და რეჟიმის პროპაგანდას ამყარებენ.


„უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირები არ ჰყავს!“ – ამბობს გალილეო გალილეის მოსწავლე ანდრეა ბერტოლდ ბრეხტის პიესაში „გალილეოს ცხოვრება“, როდესაც მისი მასწავლებელი ინკვიზიციას ნებდება და საჯაროდ ჰელიოცენტრიზმს უარყოფს.

„არა! უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირები სჭირდება“, – პასუხობს გალილეო.

და მაინც რა არის გმირობა?

პლატონი გმირობის ზნეობრივ საფუძველს – სიმამაცეს – განსაზღვრავს, როგორც ადამიანის უნარს, შეინარჩუნოს სწორი რწმენა წნეხის ქვეშ.

სახელმწიფოს მეოთხე წიგნში ის შეღებილი მატყლის მეტაფორას იყენებს — სწორად შეღებილი თუა, ქსოვილს ფერი რეცხვით აღარ გადასდის, ზუსტად ისე, როგორც სწორად აღზრდილ სულს განსაცდელი ვერ უცვლის წარმოდგენას კეთილზე და ბოროტზე, სამართლიანობასა და უსამართლობაზე.

ანუ მამაცია ის, ვისაც ტკივილი და შიში ვერ აიძულებს, ბოროტებას სიკეთე უწოდოს, ხოლო უსამართლობას – სამართალი.

ოღონდ პლატონისთვის სიმამაცე უშიშრობა სულაც არ არის – ის შიშების სწორი იერარქიაა.

პლატონის გმირსაც ეშინია მონატრების, ტკივილის, სიკვდილის. მაგრამ მას უფრო მეტად ეშინია საკუთარი სინდისის ღალატის. ამდენად, პლატონის გმირობა არ არის სულის უგუნური სიჯიუტე, ის გონებრივად და ზნეობრივად გამართლებული სიმტკიცეა, რადგან სინდისს უკავშირდება.

სწორედ ამიტომ არიან ჩვენი პოლიტიკური პატიმრების დიდი ნაწილი სინდისის პატიმრებიც.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც რეჟიმმა 8 პოლიტიკური პატიმარი დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ შეიწყალა, ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ორდღიანი მარათონი გამართა სხვის დასანახად ემპათიურობაში.

„თუ კაია, შენ ჩაჯექი ციხეში, ტროტუარზე რომ დგახარ“, – ეტიტინებოდნენ განსაკუთრებით „ემპათიურები“ მათ, ვინც, ერთი მხრივ, შეწყალებულ პატიმრებს თავისუფლებას ულოცავდნენ, მეორე მხრივ კი ციხეში დარჩენილებს უფასებდნენ გაუტეხლობას.

ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი მოწოდება რაციონალურია: თუ ციხეში ჯდომა გმირობაა, რას ლაქლაქებ, ადექი და თავი დააჭერინე.

„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“, – ამბობს რუსთაველი ავთანდილის პირით ვეფხისტყაოსანში და არისტოტელეს ლოგიკას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ სწორად ლაპარაკი არაფერს ნიშნავს, თუ ის სწორ მოქმედებად არ იქცა.

მაგრამ არის კი დაჭერისთვის თავის დაჭერინება სწორი მოქმედება?

არა, ეს თავზეხელაღებულობაა.

პლატონის მოსწავლე და ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი, არისტოტელე ძალიან მკაფიოა იმაში, რომ ტანჯვის ატანა თავისთავად გმირობა არ არის, რადგან ფანატიკოსსაც შეუძლია ტანჯვის ატანა.

მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას იცავ შენი ტანჯვით და რატომ იცავ.

მხოლოდ შენს თავზე იღებ გმირობის ფასს თუ სხვებს ახდევინებ.

შეგნებულად აირჩიე ის თუ არა.

ამიტომ არისტოტელე გმირობას განასხვავებს მისი მსგავსი ქცევებისგან – ადამიანი შეიძლება არ ტყდებოდეს სირცხვილის ასარიდებლად, ბრაზის გამო ანაც უბრალოდ საფრთხეს ვერ აცნობიერებდეს.

გარეგნულად ყველა ასეთი, ერთი შეხედვით, მამაცად ჩანს – მაგრამ არისტოტელე გმირად მხოლოდ მას მიიჩნევდა, ვინც ღირსეული მიზნისთვის – სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის და ადამიანის ღირსებისთვის – თავისუფალი არჩევანით მოქმედებს.

ამიტომ გმირობა ის კი არაა, რეჟიმს თავი ძალით დააჭერინო გმირად წარმოსაჩენად, გმირობა ისაა, რომ სიკეთისთვის იბრძოლო, ის ნაბიჯები გადადგა, რაც სიკეთის გასამარჯვებლად სწორი გგონია და ამ მოქმედებებისთვის დატყვევებული არ გატყდე – ზუსტად ისე, როგორც ჩვენი სინდისის პატიმრები არ ტყდებიან.


გვჭირდება კი გმირობა?

მოდით, რუსთაველს ვკითხოთ, რომელიც პლატონის და ნეტარი ავგუსტინეს ხედვას ავითარებს და ბოროტებას არა თავისთავად ფენომენად, არამედ სიკეთის ნაკლებობად წარმოაჩენს, ზუსტად ისე, როგორც სიბნელეს წარმოაჩენს სინათლის ნაკლებობად.

„მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის არღარა ბნელია,
ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია“.

სიკეთის „არსება გრძელია“, მაგრამ ბოროტის ძლევა ავტომატური არაა, ის კეთილი ადამიანების მოქმედებაზეა დამოკიდებული. ზუსტად ისე, როგორც უკუნის განათებაა მზის მოახლებაზე დამოკიდებული.

ვაცლავ ჰაველი, არისტოტელეს მსგავსად, გაუტეხლობას არა მხოლოდ ინდივიდუალურ ღირსებად, არამედ საზოგადოებრივ რესურსად, უძლურთა ძალად მიიჩნევს.

ის აღწერს შემთხვევას, როდესაც მაღაზიის მეპატრონე რეჟიმის პლაკატს აკრავს არა იმიტომ, რომ სჯერა, რაც პლაკატზე წერია, არამედ იმიტომ, რომ მშვიდად ცხოვრება უნდა. მაგრამ ამ კომპრომისით ის სისტემის საჯარო ლეგიტიმაციას ახდენს.

როდესაც პლაკატს ჩამოხსნის, ის ამ დროს მხოლოდ პირად ღირსებას კი არ იცავს, რეჟიმის ერთსულოვნების ილუზიას არღვევს და საზოგადოებას ღირსებას უნარჩუნებს, ანუ საზოგადოებრივი რესურსია.

ანუ ჰაველის აზრით, პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც რეჟიმს არ ემორჩილებიან, ღირსეულ სახელმწიფოში ცხოვრებისთვის ბრძოლას დანაშაულად არ რაცხავენ და სიცრუეს სიმართლედ არ აღიარებენ – საზოგადოების ძალას განასახიერებენ.

ჰაველის ლოგიკას ეხმიანება ტალეირანისთვის მიწერილი ცნობილი სიტყვები, რომლებიც მას, გადმოცემის თანახმად, ნაპოლეონისთვის თითქმის ორი საუკუნით ადრე უთქვამს: „ხიშტებით ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მათზე დაჯდომის გარდა“.

რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიტარული წესრიგი მხოლოდ ძალადობაზე ვერ დადგება, ის ამ საერთო სიცრუეში ადამიანების მონაწილეობაზე დგას.

და თუნდაც ერთი ადამიანის უარი სხვებს აჩვენებს, რომ მორჩილება საყოველთაო არ არის, წინააღმდეგობა არსებობს და წინააღმდეგობა შესაძლებელია.

ამიტომ სწორი კითხვა ის კი არაა, გვჭირდება თუ არა გმირობა.

სწორი კითხვაა, გვჭირდება თუ არა სიკეთე, იმიტომ, რომ სიკეთე სიკეთისთვის მოქმედების გარეშე არ არსებობს. სიკეთისთვის მოქმედება კი ხანდახან გმირობის ტოლფასია.


რადგან სიკეთე ცალსახად გვჭირდება, შეგვიძლია ადამიანებს გმირობა დავავალდებულოთ?

არა! იმიტომ, რომ გმირობა ზნეობრივი მაქსიმუმია და არა სავალდებულო მინიმუმი.

საზოგადოება, რომელიც გმირობას სავალდებულოდ აქცევს, გმირობას აუფასურებს და ფანატიკურად სასტიკი ხდება.

გმირობის დავალდებულება არა მხოლოდ უზნეო, არამედ საშიში საქციელია!

ამავდროულად, ჩვენ ყველას გვეკისრება გმირობის დანახვისა და დაფასების ვალდებულება, რადგან საზოგადოება, რომელიც გმირობას ვერ ხედავს და ვერ აფასებს, უმადური და უძლურია.

სწორედ ამიტომ არიან განსაკუთრებულად მავნებლები ისინი, ვინც მათთვის საძულველი პერსონების დემონიზაციის მიზნით ცრუ დილემას აყენებენ, თითქოს გმირობის და სიმამაცის დაფასება იმ პატიმრების დაგმობას ნიშნავს, რომელთაც შეწყალება მოითხოვეს.

ასეთი ცრუ დილემებს გმირობის დავალდებულებისკენ ანაც გმირობის გაუფასურებისკენ მივყავართ და საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია.

ისევ ბრეხტს რომ დავუბრუნდე, ნიშანდობლივია, რომ მისი გალილეო შინაპატიმრობაში აგრძელებს მუშაობას და ფარულად წერს თავის დიდ ნაშრომს, რომელსაც იტალიიდან ჰოლანდიაში, ლეიდენში გააპარებენ და იქ გამოსცემენ.

როდესაც მისი მოსწავლე, ანდრეა აღმოაჩენს, რომ გალილეოს სამეცნიერო ტექსტი გადარჩა, ფიქრობს, რომ გალილეომ თავიდანვე შეგნებულად აირჩია გადარჩენა, რათა მიზნამდე მისულიყო. ბრეხტის გალილეო ამ გმირულ ინტერპრეტაციას უარყოფს – მე გეგმა არ მქონია, ტკივილის შემეშინდა – პასუხობს ის.


მაგრამ ვინაა მართალი, მოსწავლე თუ მასწავლებელი, ანდრეა თუ გალილეო? რომელი საზოგადოებაა უბედური, ის, ვისაც გმირები არ ჰყავს, თუ ის, ვისაც გმირები სჭირდება?

საქმე ისაა, რომ ბრეხტი გმირობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ უარყოფს, რომ სამართლიანი ინსტიტუტები სჭირდება.

ის ინტელექტუალურ და მორალურ ალიბის უქმნის ყველას, საკუთარი თავის ჩათვლით, რომელმაც ძალაუფლებასთან თანაცხოვრება არჩია, მასთან ღია დაპირისპირებას.

მოგვიანებით ბრეხტი საბჭოთა ბლოკის დიქტატურაში, აღმოსავლეთ გერმანიაში იცხოვრებს, ისარგებლებს რეჟიმის მიერ მინიჭებული პრივილეგიებით და საჯარო დაპირისპირებას თავს აარიდებს. 1953 წელს, როდესაც აღმოსავლეთ გერმანელი მუშების აჯანყებას საბჭოთა ტანკებით ჩაახშობენ, ბრეხტი მმართველ პარტიას ერთგულებას დაუდასტურებს, რეჟიმის სამხილად კი ლექსს დაწერს, მაგრამ სიცოცხლეში არ გამოაქვეყნებს.

ამიტომ გალილეოს სიტყვებში თავად ბრეხტის მორალური ავტოპორტრეტიც შეიძლება დავინახოთ: ადამიანი ძალაუფლებას გარეგნულად ემორჩილება, რათა გადარჩეს და მუშაობა გააგრძელოს, ხოლო საკუთარ შინაგან წინააღმდეგობას გმირობის აუცილებლობის უარყოფით იცავს.

მაგრამ კოლექტიური, პოპულარული მეხსიერება გალილეოს მაინც მიაწერს სიტყვებს – „და მაინც ბრუნავს“ – და ისეთად ინახავს, როგორიც თავად სჭირდება – დაუმორჩილებელ გმირად!

ეს ლეგენდა არა გალილეოს გაუტეხლობას, არამედ საზოგადოების მოთხოვნილებას ადასტურებს, რომ ჰყავდეს გმირი, რომლის პირითაც სიმართლე ძალაუფლების წინაშე მაინც ითქმება.

ბრეხტის მოსაზრებას, რომ ბედნიერი ვერ იქნება საზოგადოება, რომელსაც გმირები სჭირდება, გარკვეულწილად იზიარებს ვებერის ლოგიკა – ის თვლის, რომ თუ თავისუფლება გმირების არსებობაზეა დამოკიდებული, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი წესრიგი ჯერ არ შექმნილა.

ვებერის მიხედვით, არათავისუფალ წესრიგში გმირული მოქმედება გადამწყვეტია ცვლილების დასაწყებად, მაგრამ იმისთვის, რომ გმირობა თავისუფლების გამარჯვებად იქცეს, ის კანონის უზენაესობაში და სახელმწიფო ინსტიტუტებში უნდა ითარგმნოს.

ასე რომ, თუ ბრეხტს და ვებერს შევაჯერებთ, გამოდის, რომ გალილეო მართალია და ჩვენი ქვეყანა დღეს მართლაც უბედურია იმით, რომ თავისუფალი წესრიგი არ გააჩნია და მისი ღირსება პატიმრების გაუტეხელ სინდისზეა დამოკიდებული.

მაგრამ გარკვეულწილად ანდრეაც მართალია – ჩვენი საზოგადოება ბედნიერიცაა იმით, რომ გაუტეხელი სინდისის გმირები ჰყავს, რადგან მათ მოქმედებას შეუძლია მიგვიყვანოს თავისუფალ წესრიგამდე, აღთქმულ მიწამდე ჩვენ, როგორც საზოგადოება!

როგორ?

როგორ და… მზიას, საბას, ანდროს, რეზოს, ოკმელას, ირაკლის, ზვიადის და სხვა ათობით სინდისის პატიმრის უარი დანაშაულის აღიარებაზე და მონანიებაზე დანარჩენ საზოგადოებას გვიჩვენებს იმას, რომ რეჟიმის ძალაუფლება უსაზღვრო არ არის და არსებობენ ადამიანები, ვისაც რეჟიმი ვერ იმორჩილებს!

დაუმორჩილებლობა მხოლოდ და მხოლოდ მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა!

მაგრამ მათი გმირობის ნაყოფი მთელი ჩვენი საზოგადოების თავისუფალი წესრიგად გადაიქცევა, თუ კარგი ხალხი უქმად არ ვიქენით და ის ჯერ ცვლილებად, ხოლო შემდეგ კანონის უზენაესობად ვაქციეთ, რომელიც ჩვენს ეროვნულ და ინდივიდუალურ თავისუფლებას დაიცავს!

დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! გავიმარჯვებთ სახელოვნად!