სუსტის ზიზღი, ძალის მიზიდულობა და ივანიშვილის განზრახვა
1. ძალის მიზიდულობა
ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ.
ბავშვობაში, ხომ შეგიმჩნევიათ ის მანკიერება, რომ თანატოლებში ვინც ძლიერად მიიჩნევა, იმას უზნეობა და ხშირად, სისასტიკეც იოლად გასდის – უმრავლესობა მაინც ელაქუცება, ხოლო სუსტი, სრულიად უწყინარი და მართალიც რომც იყოს, ზიზღის და დამცირების სამიზნე ხდება?
ხომ გინახავთ, როგორ ემხრობა თანატოლების უმრავლესობა ძლიერს, თუნდაც ის არასწორი იყოს და როგორ დასცინის დაუცველს, რომელიც მართალია?
ბავშვობას იმიტომ გახსენებთ, რომ ბავშვებში უფრო აშკარაა “ბულერების” პოპულარობა, თუმცა არც ზრდასრულობაში ქრება, უბრალოდ უფრო მეტად ინიღბება.
ეს ფენომენი დიდებულად აქვს აღწერილი გოლდინგს ბუზთა ბატონში ჯეკის და პიგის პერსონაჟებით სადაც ჯეკი უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი თანატოლების აღტაცებას და მხარდაჭერას სწორედ შიშველი ძალის დემონსტირებით იღებს, ხოლო რაციონალურ, გონიერ, ოღონდ ფიზიკურად სუსტ და დაუცველ პიგის ამცირებენ და ბოლოს ანადგურებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის მართალია.
მჩაგვრელით აღტაცებას და ჩაგრულის ზიზღს ჩარლზ დიკენსიც კარგად აღწერს დევიდ კოპერფილდის განცდებით იმ ეპიზოდში, როდესაც ღარიბ და სუსტ მასწავლებელს, კოპერფილდის მეგობარი, მდიდარი და გავლენიანი მოსწავლე ჯერ დაამცირებს, ხოლო შემდეგ სკოლიდან გააგდებინებს.
ამ ამაზრზენ საქციელს კოპერფილდის “ბულერ” მეგობარს სკოლის ღირსების დაცვად ჩაუთვლის მოსწავლეთა უმრავლესობა, ხოლო ვინც უსამართლოდ დაჩაგრული მასწავლებლის გამოსარჩლებას გაბედავს, იმას მასხრად აიგდებენ.
კოპერფილდმა იცის, რომ დაჩაგრული მასწავლებელი მართალია და მისი გავლენიანი მეგობარი – მტყუანი, სინდისიც ქენჯნის, მაგრამ ხმას არ იღებს სიმართლის დასაცავად, რადგან მფარველის კეთილგანწყობის დაკარგვის შიში და აღტაცება, რასაც გავლენიანთან სიახლოვე ანიჭებს უფრო ძლიერია, ვიდრე სირცხვილი – თუმცა მოგვიანებით, უკვე ზრდასრულობაში, დიკენსის გმირი ამ მორალურ შეცდომას სინანულით იხსენებს.
გოლდინგზე და დიკენსზე უფრო ადრე, მე-18 საუკუნეში, ამ ფენომენს თანამედროვე ეკონომიკური აზროვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ადამ სმიტი აღწერს.
ის ამტკიცებს, რომ ძალიან ხშირად, ძლიერის ჩადენილი უზნეობა გაცილებით ნაკლებ ზიზღს იწვევს, ვიდრე უდანაშაულოს სისუსტე.
რატომ?
- იმიტომ, რომ ძლიერის მხარეს ადამიანი თავს უფრო დაცულად გრძნობს, თავდაცვა კი ადამიანის პირველყოფილი ინსტიქტია და ვერაფერს უზამ.
- ამას გარდა, ადამიანებს აღიარება სწყურიათ, აღიარება გავლენიანი პირის სიახლოვეს უფრო იოლი მოსაპოვებელია.
- კიდევ ის, რომ ადამიანს სხვისი გავლენით ტკბობაც ახასიათებს – გავლენიანი პირის ცხოვრება, სხვების წარმოსახვაში, ხშირად ბედნიერების იდეალურ სურათად ჩანს – ამ სურათს ბევრი საკუთარ სანატრელ ცხოვრებად ხედავს და ინუსხება.
ადამიანის ამ პირველყოფილ მახასიათებლებს ადამიანთა მოდგმა ხანდახან მორალურ კატასტროფამდე მიჰყავს – ნაცვლად იმისა, რომ მართალს და სუსტს დაუდგნენ გვერდში და ის გააძლიერონ, მტყუანს და ძლიერს უდგებიან, დაუცველს კი იზიზღებენ.
კიდევ უარესი, რაღაც ეტაპზე, შიშველი ძალის დემონსტრირებით მოპოვებული უპირატესობა, შეიძლება სიმართლის მტკიცებულებადაც კი იქცეს – თუ ვიღაც ამდენს ახერხებს – ამდენს იმორჩილებს, ამდენი გასდის, იქნებ მისი პრიმატი ჩვენი ბუნებრივი წესრიგია? იქნებ ამის უფლებაც აქვს? იქნებ “ხალხის ენა” მან იცის? იქნებ “ეს უნდათ ქართველებს”?
სწორედ ამ ფენომენზე საუბრობს ადამ სმიტზე კიდევ უფრო ადრე, ფრანგი ფილოსოფოსი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი, ბლეზ პასკალი.
თავის ნაშრომში “აზრები” პასკალი აღწერს სახიფათო გარდაქმნას, როცა ადამიანები წესების უზენაესობის, ანუ სამართლიანობის დამკვიდრებას ვერ ახერხებენ და საბოლოოდ, ძალას აცხადებენ სამართლად – ასეთი საზოგადოებები ჩვენს სამეზობლოშიც მრავლადაა.
2. ივანიშვილის განზრახვა
ამდენი ავტორიტეტი იმიტომ მოვიხმე ძალის მიზიდულობაზე საუბრისას, რომ ჩემზე გაცილებით ბრძენ ხალხს ამოვფარებოდი და ისე ამეხსნა, რაში სჭირდება ივანიშვილს უტიფარი ძალის დემონსტრირება პირდაპირ ეთერში და რატომ აძლევს ტრიბუნას ასაკრძალ პარტიებს.
იმიტომ, რომ ძალა, თუნდაც უწესო და მტყუანი, მიმზიდველი ხდება თუ ხალხმა ჩათვალა რომ ეს ძალა უძლეველია.
მნიშვნელობა არ აქვს რამდენ სიმართლეს იტყვიან ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლები – ივანიშვილის მიზანი სწორედ ისაა, რომ სიმართლე გახდეს უმნიშვნელო და დამყარდეს შიშველი ძალის პრიმატი, რადგან სიმართლე მის მხარეს არაა, მის მხარეს მხოლოდ შიშველი ძალაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებულ არენაზე აღმართს მოხნავს და ამით, ქართულ საზოგადოებას გაუგზავნის სიგნალს, რომ სიმართლეს აზრი არ აქვს, რომ სამართალი მორევაზეა, ხოლო ოლიგარქი უძლეველი და უცვლელია.
ამ მანევრით, ივანიშვილს ზუსტად იმ ზღვარზე გასვლა უნდა, რასაც ბლეზ პასკალი სახიფათო გარდაქმნას უწოდებს – როცა ძალა ხდება სამართალი, მმართველობა ამ ძალის უძლეველობაზე წარმოდგენას ეყრდნობა, ხოლო სუსტი, ცამდე მართალიც რომ იყოს, საყოველთაო ზიზღის ობიექტი ხდება და ნადგურდება.
სწორედ ამიტომ არ ვმონაწილეობთ ფედერალისტები სიმართლის განადგურების და შიშველი ძალის ზეიმის სპექტაკლში, რომლის ფინალიც ივანიშვილის დაწერილია და არ ვუყრით მარგალიტებს ღორებს – რადგან მათ გათელვას, საზოგადოებისთვის მძიმე შედეგები ექნება.
3. გამოსავალი
გამოსავალზე იკითხავთ ზოგიერთი თქვენგანი, სრულიად ლეგიტიმურად.
პასუხად, ისევ გოლდინგს მივუბრუნდები.
როდესაც ბავშვები კუნძულზე ხვდებიან, პიგი ლამაზ ნიჟარას პოულობს, რომელსაც საყვირის ფუნქციას მიანიჭებს და ბავშვების შესაკრებად გამოიყენებს. შეკრებაზე ისინი ლიდერს აირჩევენ და საერთო წესებს დაადგენენ.
ერთ-ერთი წესია, რომ ის საუბრობს, ვისაც ნიჟარა უჭირავს. დანარჩენები ვალდებულნი არიან, უსმინონ.
ნიჟარა თავისთავად უძლური ნივთია, მაგრამ დიდ ძალას იძენს, რადგან ბავშვები ნებაყოფლობით აღიარებენ მის ავტორიტეტს. ის იმდენად ძლიერია, სუსტსაც აძლევს შესაძლებლობას ძლიერის თანასწორად ისაუბროს და სხვებმა მოუსმინონ.
როდესაც ჯეკი ძალმომრეობით, შიშითა და ნადირობის აზარტით ბავშვებს მონუსხავს, ნიჟარის ავტორიტეტი თანდათან ქრება. ბავშვები ჯერ საერთო წესების დაცვას წყვეტენ, შემდეგ კი წესების მნიშვნელობასაც უარყოფენ.
და ბოლოს, როდესაც გონიერი, მაგრამ ფიზიკურად სუსტი პიგი ნიჟარით ხელში ცდილობს ბავშვებს შეახსენოს, რომ შეთანხმება და წესები ძალმომრეობაზე უკეთესია, ჯეკის თანამოაზრე მას უზარმაზარი ლოდით კლავს. იმავე ლოდით ნიჟარაც იმსხვრევა და რთდროულად ნადგურდება გონიერების და ნებაყოფლობით შეთანხმებაზე დაფუძნებული წესრიგის სიმბოლო.
ბუზთა ბატონი ჩვენთვის საინტერესო იმითაა, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად საკმარისი არაა იყო მართალი.
პიგის სიმართლე მაშინ ისმოდა, როდესაც ბავშვები ნებაყოფლობითად თანხმდებოდნენ იმ წესების დაცვას, რაც ამ სიმართლეს ძალას ანიჭებდა.
როცა ბავშვებმა წესრიგის დაცვა შეწყვიტეს, პიგიც დაიღუპა და ნიჟარაც დაიმსხვრა.
თავისუფალ შეთანხმებაზე დაფუძნებული ნებისმიერი წესრიგის წარმატების გასაღები არც სიმბოლოშია, არც ცალკე აღებულ ლიდერში და არც ცალკე აღებული ადამიანის სიმართლეში.
სიმართლემ რომ შიშველ ძალას აჯობოს, უფრო მიმზიდველი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომელიც არა მორჩილებას, არამედ ადამიანების თავისუფალ ნებას დაეფუძნება.
მაგრამ იმისთვის, რომ ნებაყოფლობითმა ერთობამ გაძლოს და ადამიანების თავისუფალი ნების კოლექტიური და უკიდურესად მიმზიდველი ძალა გამარჯვებამდე შეინარჩუნოს, მხოლოდ შეკრება საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ენდობოდნენ, ნდობა კი, თანმიმდევრული სტრატეგიის, სამართლიან წესებზე შეთანხმების და ამ წესების დაცვაზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე, ვერ შეიქმნება.
ამიტომ, ვისაც საქართველო მართლა გვიყვარს და ვგრძნობთ ძალას, რომ ის ფეხზე დავაყენოთ, ივანიშვილის წინააღმდეგობის ფრონტი უწესობისგან და უწესოებისგან უნდა გავწმინდოთ და საძირკვლიდან ავაგოთ სამართლიან წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც ძალით, შანტაჟით და ფულით კი არ მოხნავს აღმართს, ნებაყოფლობით შეთანხმებული სამართლიანი წესებით იმოქმედებს.
სიმბოლურია, რომ გოლდინგის ნიჟარა ბავშვებს აზრის გამოხატვის უფლებას ანიჭებს და მათი ხმის უფლებას იცავს – ვისაც ყური აქვს, ამ ალუზიით უკეთ მოისმენს, რატომ ვერჩით ფედერალისტები წინააღმდეგობის ფლანგზე იმ პოლიტიკურ და მედია სუბიექტებს, რომლებიც კრიტიკულ ხმას ახშობენ და საკუთარ გზავნილს ძალმომრეობით ატენიან წინააღმდეგობას, იმისთვის, რომ უპირატესობა ხელოვნურად შეინარჩუნონ.
ჩვენ, ანუ წინააღმდეგობას მთლიანად, გამარჯვებისთვის ჩვენი “ნიჟარა”, ანუ სამართლიან წესებზე დაფუძნებული წესრიგი გვჭირდება, იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობამ გაგვაძლიეროს და მარგალიტები ღორების მიერ გათელვისგან დავიცვათ!
საზოგადოების ნდობას მოვიპოვებთ და გავიმარჯვებთ ისინი, ვინც სამართლიან წესებზე და თანმიმდევრულ სტრატეგიაზე არა მხოლოდ შეთანხმებას შევძლებთ, არამედ, საკუთარ თავებში ვიპოვით ძალას, რომ შეთანხმებული წესები და სტრატეგიის თანმიმდევრულობა დავიცვათ.
და გავიმარჯვებთ, სახელოვნად!




